11, იანვარი 2017 11:34:00
ეს კადრები, გასულ წელს, სოფელ აჭარისწყალში, სოფლის კრებაზეა გადაღებული. შეხვედრა ხელვაჩაურის გამგეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართა. მოთხოვნები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. სხვა საკითხებან ერთად, ქალბატონებმა სილამაზის სალონის გახსნა ითხოვეს, სხვებმა - ფეხსაცმლის შესაკეთებელი პუნქტი.
პრობლემები კვლავ არსებობს, მოსახლეობას მისი მოგვარების მოლოდინიც აქვს, თუმცა სახელმწიფო პროგრამა უკვე აღარ მოქმედებს. 2017 წლისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინტრომ 50 მილიონი ლარი აღარ გამოყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, დღეს, ბათუმში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გააპროტესტეს.
ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო ამ საკითხზე ოპოზიციასთან შეხვედრას გამართავს.
„სოფლის მხარდაჭრის პროგრამის“ შეწყვეტით კიდევ ბევრი პრობლემა რომ დარჩა მოუგვარებელი, ამას ხელვაჩაურის გამგებელიც ადასტურებს. ამბობს, რომ არაერთი გადაუდებელი ღონისძიება დაფინანსდა. მიუხედავად ამისა, ნადიმ ვარშანიძე იმედოვნებს, რომ სანაცვლო პროგრამა ამოქმედდება.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გვითხრეს, პროგრამა შეწყდა, თუმცა სოფლის კრებები ისევ ჩატარადება და პრობლემური საკითხების დაფინანსებაზე სამინისტროში ისევ იმსჯელებენ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი 50 მილიონის ნაცვლად, 260 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ სოფლებისთვის გამოსაყოფი თანხა სულადობაზე აღარ იქნება დამოკიდებული და ყურადღება პროექტის მნიშვნელობას მიექცევა.