01, მარტი 2017 20:40:00
საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ხელი ოფიციალურად მოეწერა. დოკუმენტს ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა მოაწერეს. ხელმოწერიდან დოკუმენტი ოფიციალურ ჟურნალში რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება და 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ. რეგულაციაში საბოლოო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.