11, ოქტომბერი 2018 20:04:00
სათამაშოების არასაკმარისი რაოდენობა ბაღებში. მაღალმთიან აჭარაში სააღმზრდელო დაწესებულებებში პატარები დაზიანებული თოჯინებითა და მანქანებით ერთობიან. რას იწვევს სათამაშოების დეფიციტი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი როლი ბავშვების გონებრივ განვითარებაში ? - რა რეკომენდაციები აქვთ ფსიქოლოგებს და რას აცხადებენ ბაღების გაერთიანებაში? გეგმავენ თუ არა საკითხის დღის წესრიგში ჩასმას ?
ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სათამაშოები არასაკმარისი რაოდენობითაა, არსებულის ნაწილი კი დატეხილი და მწყობრიდანაა გამოსული. ხშირ შემთხვევაში სათამაშოებისთვის განკუთვნილი თაროები ცარიელი რჩება და მთლიანი ოდენობაც ერთ კალათში თავისუფლად თავსდება. ერთ - ერთი ასეთი ქედლების საბავშვო ბაღია. სკოლამდელ განათლებას აქ 33 ბავშვი ეუფლება, სადაც ორი ჯგუფი ფუნქციონირებს. გარე სამყაროს ბავშვები ძირითადად ასაწყობი კუბებით, მწყობრიდან გამოსულ თოჯინებით და მანქანებით ეცნობიან. ბაღის აღმზრდელის თქმით, საკმარისო ოდენობის სათამაშოები ჰქონდათ, თუმცა დროთა განმავლობაში დიდი ნაწილი გატყდა.
ანალოგიური ვითარებაა უჩხოს საბავშვო ბაღშიც. დაწესებულების მენეჯერი ამბობს, რომ ბავშვის განვითარებისთვის სათამაშოებს მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს და დასძენს, რომ ბაღი უახლოეს პერიოდში ახალი სათამაშოებით შეივსება.
ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის სათამაშოები, რომ მნიშვნელოვანია ამაზე ფსიქოლოგებიც საუბრობენ და საბავშვო ბაღებში, მრავალფეროვანი სათამაშოების საჭიროებებს, გარე სამყაროს, თამაშის გზით შეცნობით ხსნიან.
საბავშვო ბაღებში სათამაშოები, რომ დეფიციტურია ამას გაერთანებაშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარე წლისთვის დაახლოებით 20 000 ლარის სათამაშოს შეძენას აპირებენ, თუმცა ორგანიზაციას ამ დროისთვის ბიუჯეტში ამ მიმართულებით თანხა არ აქვს.
ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სულ 20 საბავშვო ბაღი და 7 ალტერნატიული ჯგუფია. სკოლამდელ განათლებას აქ 800 ბავშვი ეუფლება, მიმდინარე წლის მთლიანი ბიუჯეტი კი 1 მლნ.475 051 ლარია, თანხის დიდი ნაწილი ხელფასებსა და ბავშვთა კვებაზე იხარჯება.
სიუჟეტი მომზადებულია ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით. თუ ცხოვრობთ მაღალმთიან აჭარაში და გჭირდებათ ჟურნალისტის დახმარება , დარეკეთ ნომერზე 579 34 24 24