11, ოქტომბერი 2018 20:28:00
სტომატოლოგი, რომელმაც მოქალაქეები ღიმილის გარეშე დატოვა. 7 წლის წინ მომხდარი ისტორია განმეორდა და ამჯერად უკბილოდ პაციენტები ბათუმელმა სტომატოლოგმა დატოვა. ზაზა ღოღობერიძე. დღეს ათეულობით ქობულეთელი ამ სახელს იუტიციის სახლის წინ, ერთი მოთხოვნის ფონზე ახსენებდა. დაზარებულები დენტისტის დასჯას ითხოვდნენ. რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ ბრალდება ასეთია: სტომატოლოგი მოქალაქეებს უფასო მომსახურებას დაჰპირდა, კბილები ამოუღო და სანაცვლოდ, მათგან თანხა მიიღო, რომელიც შეთანხმებით უკან უნდა დაებრუნებინა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მოტყუებულ პაციენტებს არც კბილები შერჩათ და არც ფული.
ირმა ჯინჭარაძეს უფასო სტომატოლოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრმა მიაწოდა. უთხრეს, რომ ზაზა ღოღობერიძე მოგებული ტენდერის პირობებში ადამიანებს უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას ჰპირდებოდა. კლინიკა ,,white smile“ -ის თანამშრომლის თანხლებით ის ბანკში მივიდა და 2 200 ლარის ოდენობის კრედიტი აიღო, რომელიც დაწესებულების ანგარიშზე გადარიცხა. მან ექიმ ზაზა ღოღობერიძეს დამატებით 600 ლარიც გადაუხადა. ირმას მტკიცებით, მას შემდეგ სტომატოლოგმა მომსახურების გაწევაზე უარი უთხრა, რის გამოც უკბილოდ დარჩა.
ირმა ჯინჭარაძის მსგავსად ზაზა ღოღობერიძეს ათეულობით განაწყენებული პაციენტი ჰყავს. არის შემთხვევა, როცა ექიმმა კბილები ოჯახის ყველა წევრს ამოუღო და მათი საბანკო ვალდებულება დღეის მდგომარეობით ათი ათას ლარს აღემატება. დაზარალებულებმა დღეს ბათუმის იუსტიციის სახლთან აქცია გამართეს, სადაც ექიმის დასჯა საჯაროდ მოითხოვეს.
მოქალაქეების ბრალდებას ადრესატი უარყოფს. სტომატოლოგი ამბობს, რომ პაციენტებმა განვადება საკუთარი სურვილით გააკეთეს. ირწმუნება, რომ უფასო მომსახურების დაპირება არასდროს ყოფილა.
აპირებს თუ არა პროკურატურა გამოძიების დაწყებას მოქალაქეთა პრეტენზიების საფუძველზე? ჩვენთვის უცნობი დარჩა. საკითხზე პროკურატურაში დღეს ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვეს.
პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ქობულეთელები დადგნენ, აქტუალური იყო 2012 წელსაც, როცა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით პროექტი „ღიმილიანი საქართველო“ დაიწყო. ხელისუფლების ცვლილების გამო კი, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილობრივები კბილების გარეშე დარჩნენ. პროგრამა 50 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ პირთათვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებდა.