ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

საზაფხულო თეატრის დაუსრულებელი პროექტი მახუნცეთში

12, ოქტომბერი 2018 20:05:00

საზაფხულო თეატრის დაუსრულებელი პროექტი მახუნცეთში. ქედის მერიამ შეუმინავი და შეუღებავი შენობა ისე ჩაიბარა, რომ მისი გახსნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. დაიხარჯა თუ არა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არამიზნობრივად და რა ბედი ელის პროექტს, რომელიც ტურისტების მოზიდვის მიზნით განხორციელდა?

საზაფხულო თეატრის შენობა, რომლის მოსაწყობად ქედის მერიამ 84 997 ლარი დახარჯა უფუნქციოა, უფრო მეტიც, უწყების მიერ ჩაბარებული ეს ობიექტი არც შემინულია და არც შეღებილი. თეატრის მშენებლობისთვის ხელშეკრულება მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ახალშენს“ გასული წლის 7 აპრილს გაუფორმა. პირობის თანახმად, მახუნცეთში ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ადგილზე, თეატრის მშენებლობა 2017 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო. თუმცა მერიამ კომპანიას ობიექტის ჩაბარების ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივა, საბოლოდ კი, ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, 2018 წლის გაზაფხულზე ხელშეკრულება შეუწყვიტა და დარჩენილი სამუშაოების განსახორციელებლად ახალი ტენდერი მეორედ,19 აპრილს, 31 837 ლარზე გამოაცხადა. 

თეატრის შენობაზე, მოსაპირკეთებელი სამუშაოების განსახორციელებლად ხელშეკრულება, მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ შ.პ.ს „ჯიჯის“ შორის 15 ივნისს გაფორმდა, სამუშაოების დასრულებამდე მერიამ სატენდერო პირობებში ცვლილებები ორჯერ შეიტანა,  პარალელურად კი ამ კომპანიასაც სახელშეკრულებო ვადა რამდენიმე დღით გაუხანგრძლივა. საბოლოოდ  ფასად შეუღებავი და შეუმინავი ობიქეტი ჩაიბარა.

ქედის მერის მოადგილის, ინფორმაციით, კომპანია „ჯიჯიმ“ ტენდერით გაწერილი სამუშაოები შეასრულა, თუმცა კითხვაზე - რატომ დარჩა ფასადი გაუღებავი და ოთახები მინის  გარეშე ? როლანდ ბერიძე ამბობს, რომ იკვლევენ ეს დამპროექტებლი კომპანიის ხარვეზია თუ ცდომილება მერიის მიერ, სატენდერო პირობებში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია.

ადგილობრივი მოსახლეობა მახუნცეთში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, უხარისხოდ და თანხების  არამიზნობრივ ხარჯვად აფასებენ, ამის დასტურად საზაფხულო თაეტრის გვერდით აშენებულ უწყლოდ დარჩენილი საპირფარეშოები, გაუმართავ სანიაღვრე არხები და საკანალიზაციო სისტემები მოჰყავთ.

უწყლოდ დარჩენილ საპირფარეშოს არგუმენტად როლანდ ბერიძე ამბობს, რომ ჰიგიენის ოთახის მშენებლობის პროექტში წყალი თავიდანვე არ ყოფილა გათვალისწინებული.

ტურისტები მახუნცეთის პოტენციალზე საუბრობენ და ადგობრივ მერიას ვიზიტორების ზრდისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების რეკომენდაციას აძლევენ.

156 მაყურებელზე გათვლილ საზაფხულო თეატრის შენობის მოწყობა, მახუნცეთის განაშენიანების პროექტის ფარგლებში ქედის მერიამ, გასულ წელს დაგეგმა და ჩანჩქერის მიმდებარედ, თეატრის მოსაწყობად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2017 წლის გაზაფხულზე გამოყო.