15, ოქტომბერი 2018 20:06:00
რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ახალი მიმართულებები ემატება. ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა აქვს. სიახლე ხანდაზმულთა და სპორტის ტურიზმების განვითარებას ეხება. ფუტკარაძის უწყება მაღალმთიან აჭარაში ეკო და ბიო სასტუმროების მოწყობას აპირებს. რა პროექტები განხორციელდება ქედაში, შუახევსა და ხულოში და როდის დაიწყება ინიციატივებზე მუშაობა?
სპორტულ და ხანდაზმულთა ტურიზმის განვითარება, ეკო და ბიო სასტუმროების მოწყობა - ეს ის სიახლეები, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აანონსებს. ინიციატივები ჯერ საწყის ეტაპზეა. ჯაბა ფუტკარაძე კონკრეტულ პროექტებზე არ საუბრობს, თუმცა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ იდეა მაღალმთიანი კურორტების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ხანდაზმულთა ტურიზმი ერთ-ერთია იმ პოტენციალებს შორის, რომელიც რეგიონს გააჩნია, აცხადებენ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. უწყების ინფორმაციით, სამუშაოები ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრია გასატარებელი. მათ შორის ინფრასტრუქტურის მოწყობის და სერვისების განვითარების კუთხითაც.
ინიციატივა იმ პროდუქციის პოტენციალის გაცნობასაც გულისხმობს, რომელსაც ადგილობრივები მაღალმთიან რაიონებში აწარმოებენ. ესენია რძის და ხორცპროდუქტების ნაწარმი. სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა უწყებების ჩართულობაზე და დარგის განვითარებაზე საუბრობენ. აქ მოლოდინი აქვთ, რომ ახალი მიმართულებები რეგიონის პოპულარიზაციას გაზრდის.
სიახლეს მიესალმება ტურიზმის სფეროს ექსპერტი. თემურ ზოიძე დადებით მხარეებზე საუბრობს, თუმცა იმ ხარვეზებზეც ამაახვილებს ყურადღებას, რაც სიახლეს თან ახლავს.
კიდევ ერთი ტურისტული მიმართულება, რასაც რეგიონში სამინისტრო გეგმავს ეს სპორტული ტურიუზმის მიმართულების განვითარებაა. აჭარის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის ლაშა ჩავლეშვილის თქმით, აღნიშნული მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია მუშაობა მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე უცნობია როდის დაიწყება ინიციატივებზე მუშაობის დაწყება. სიახლეების დასანერგად უწყებები, ერთობლივად, სავარაუდოდ 2019-დან იმუშავებენ.