20, ოქტომბერი 2018 12:36:00
ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის დინამოს ერთ–ერთმა მწვრთნელმა ბავშვებს სცემა.
ფაქტს არ ადასტურებს საფეხბურთო კლუბის დირექტორი და ამბობს, რომ მწვრთნელ ვახტან ბერიძესა და მძღოლს შორის, რომელიც ბავშვების ტრანსპორტირებას ახდენდა, ინცინდენტი მოხდა. არჩილ ბოლქვაძის განცხადებით, მომხდარის შემდეგ, მწვრთნელიც და მძღოლიც სამსახურიდან დაითხოვა.
"15 წლიანი ბავშვთა ნაკრები, გუშინ, ზუგდიდში საფეხბურთო მატჩზე იმყოფებოდა. უკან დაბრუნებისას კი, მძღოლსა და მწვრთნელს შორის ინცინდენტი მოხდა. მძღოლს ბავშვების ტრანსპორტირებას ვეღარ ვანდობდით, ამიტომ მასთან ხელშეკრულება შევწყვიტეთ, მწვრთნელიც სამსახურიდან გავათავისუფლეთ. ბავშვები ქალაქში უვნებლად დაბრუნდნენ და მშობლებსაც უკვე ვესაუბრეთ,“ - აცხადებს ბათუმის ,,დინამოს“ დირექტორი არჩილ ბოლქვაძე.
მწვრთნელი ვახტანგ ბერიძე კატეგორიულად გამორიცხავს ბავშვების ცემის ფაქტს და აცხადებს რომ ინცინდენტი მასსა და მძღოლს შორის მოხდა.
”აფსურდულია ბრალდება თითქოს მე ბავშვები ვცემე. უბრალოდ ჩემსა და მძღოლს შორის მოხდა შელაპარაკება და მეტი არაფერი. რა თქმა უნდა მე მმართებდა უფრო მეტი თავშეკავებულობა და ჩემი ქცევით ბავშვრბს ცუდი მაგალითი მივეცი,"- აცხადებს ბერიძე. მისივე თქმით, ხელმძღვანელობის მიერ სამსახურიდან დათხოვის ბრძანების გასაჩივრებას არ აპირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპორტსმენების ცემის ფაქტზე უწყებაში განცხადება არ შესულა.