პარასკევი 23, აგვისტო 2019

სალათის ფოთლები მთიდან და ფერმერები დახმარების მოლოდინში

22, ოქტომბერი 2018 20:01:00

სალათის ფოთლები მთიდან და ფერმერები დახმარების მოლოდინში. ხულოს მუნიციპალიტეტში  ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის რეალიზაცია პრობლემაა. ფერმერები დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ. სიუჟეტი  მაღალმთიანი აჭარიდან  

აჭარის მაღალმთიანეთში, სოფელ ოქრუაშვილებში  მცხოვრებ აბაშიძეების ოჯახს სალათის ფოთლები წლებია გამოჰყავს და ადგილზე მოწეული ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული  ბათუმის ცენტრალურ ბაზარში, გადამყიდველებთან ბითუმად აბარებენ. ოჯახმა, ბრენდად ქცეული „ხულოს კარტოფილის“ ნაცვლად, სალათის ფოთლების გამოყვანა  20 წლის წინ დაიწყო და ეს ბოსტნეული მალე ოჯახის მთავარ შემოსავლის წყაროდაც იქცა.
ოქრუაშვილებში არსებულ, აბაშიძეების სალათის მეურნეობაში ოჯახის ყველა წევრი თითქმის ერთნაირადაა ჩართული და სამუშაო, როლებსაც აქ ძირითადად საქმე ანაწილებს, თუმცა ერთი სხვაობით, სოფლიდან ქალაქში ბოსტნეულის გადატანითა და რეალიზაციით ძირითადად მაინც კაცები არიან დაკავებული. მეურნე ოჯახის ყველა დღე დილით ხუთ საათზე იწყება და გვიან ღამით სრულდება. აქტიური სამუშაო წელი კი  მაისის თვის დასაწყისში ჩითილების ღია გრუნტში გადარგვითა და ნოემბრის თვეში, ბოლო მოსავლის აღებით სრულდება.
აბაშიძეების თქმით, სალათის ფოთლები განსაკუთრებით მაშინ ფასობს, როდესაც ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება.
პროდუქციის რეალიზაციასთან ერთად ფერმერების მთავარი პრობლემა სარწყავი წყალი.  ისინი ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ.
თამაზ აბაშიძის გარდა, ოქრუაშვილებში,  სალათის ფოთლები გასაყიდად გამოჰყავს მის ნათესავ ზვიად აბაშიძის ოჯახსაც. ზვიადი მთასა და ბარში მოწეული ეკოლოგიურად სუფთა  ბოსტნეულის მნიშვნელობასა და სხვა პრობლემაზე გვესაუბრება, რაც აქ მცხოვრებ ფერმერებს აწუხებს. ამბობს, რომ თუ ხელისუფლება მათ სათბურებით დაეხმარება წლის განმავლობაში ისინი ოთხის ნაცვლად მოსავალს ხუთჯერ მოიწევენ.
სოფელ ოქრუაშვილებში ამბობენ, რომ მთაში კარგი ხარისხის ბოსტნეული მოდის, ხალხიც მშრომელია, ერთადერთი რაც სჭირდებათ ეს ხელისუფლების დახმარება და მხარდაჭერაა.
სიუჟეტი მომზადებულია ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. თუ გჭირდება ჟურნალისტის დახმარება, დარეკე ნომერზე 579 34 24 24 


დღის ამბები