ორშაბათი 26, აგვისტო 2019

ქედის ისტორიული მუზეუმი და ექსპონატები სარემონტო სივრციდან

23, ოქტომბერი 2018 20:02:00

უძველესი პერიოდის ექსპონატები ქედაში, რომლებიც ავარიულ შენობაშია განთავსებული. საგამოფენო სივრცე რეაბილიტაციის მოლოდინში. რა ბედი ეწია პროექტს, რომელშიც  ქედის მერიამ ჯერ კიდევ 2 წლის წინ 6 ათას ლარამდე თანხა გადაიხადა და როდის დაიწყება თანხების მოძიება ისტირიული მუზეუმის შესაკეთებლად?

უძველესი ყოფის ამსახველი ექსპონატები, ძველი წელთაღრიცხვით, 8-7 საუკუნეებით დათარიღებული ბრინჯაოს სამკაულები, ასევე, ბრინჯაოს სამუშაო იარაღები და ცულები - ქედის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, მნიშვნელოვან ადგილს თავისი ღირებულებითა და სიძველით შესასვლელში იკავებს. იქვე ახლოს, არქაული პერიოდის ბრინჯაოს „წიდები“ დევს, რომელიც სოფელ კოლოტაურში განხორციელებული ექსპედიციის დროს მოიპოვეს. ძველი წელთაღრიცხვითაა დათარიღებული ვერძის თავის გამოსახულება, 3 500 წლის წინანდელია აქ დაცული თიხის დერგები. 
საგამოფენო სივრცე, პირობითად ორ ნაწილად იყოფა, არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მხარეებად. ეთნოგრაფიულ ნაწილში უძველეს ექსპონატებს შორისაა ყავრის სათლელები, მონეტები, სპილენძის საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, პურის სალეწავი „კევრი“ და ხისგან დამზადებული ყურძნის საწნახელი, იქვეა კედელზე ძველი საპატარძლო კაბაც ჰკიდია, ექსპონატებთან ერთად მოთავსებულია ძველ ორნამენტებზე დამზადებული ქემალ თურმანიძის ხის ძელსკამები და ის ჭურჭელი, რომელსაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურად გამოიყენებდნენ. 
ქედის ისტორიული მუზეუმი, რომელიც თითქმის ორი ათეული წლის წინ გაიხსნა რეაბილიტაციას საჭიროებს, შეკეთება სჭირდება იმ საგამოფენო სივრცესაც, სადაც უძველესი ყოფის ამსახველი ექსპონატები ინახება და ძლიერი წვიმის დროს შენობაში წყალი ჩადის. ქედის მერიამ ისტორიული მუზეუმის ახალი შენობის მოსაწყობად პროექტი ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეისყიდა და რაშიც  5 900 ლარამდე გადაიხადა. საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი, სხვა დოკუმენტებთან ერთად მერიის შენობაში დღემდე ინახება. ქედის მერი, ლევან გორგილაძე ამბობს, რომ მერია თანხების მოძიებაზე მუშაობს, მისივე ინფორმაციით, მუზეუმისთვის ახალი შენობა, ადმინისტრაციული შენობის გვერდით, ყოფილი „რაიკომის“ შენობის ადგილზე აშენდება. 
ქედის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს „არქმშენსერვისჯგუფის“ მიერ დამუშავებული პროექტით, მუზეუმისთვის ახალი შენობის მოწყობას 370 000 ლარი სჭირდება. მერი, არსებულ პროექტში ცვლილებებს არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ხარჯთაღრიცხვასთან ერთად ცვლილებები შესაძლოა  მშენებლობის ნაწილშიც განხორციელდეს და ისტორიული დეტალის შესანარჩუნებლად, ყოფილი „რაიკომის“ შენობიდან იმ ოთახს დატოვებენ, რომელსაც გადმოცემით წლების წინ საპყრობილის ფუნქცია ჰქონდა.
რამდენ ხანს დარჩება ექსპონატები სარემონტო საგამოფენო სივრცეში ეს მერიის გადაწყვეტილებასა და თანხებზეა დამოკიდებული, მანამდე 800 -მდე, აქედან 106 არქაული ყოფის ამსახველი ექსპონატების ნახვას ვიზიტორი კვლავაც ძველ შენობაში შეძლებს.