24, ოქტომბერი 2018 20:17:00
მაღალმთიან აჭარაში წიწვოვანი ხეები ნადგურდება. რატომ გახმა ასობით ნაძვი და რა გეოლოგიური საფრთხეების წინაშე დგას მოსახლეობა? რას აკეთებს აჭარის სატყეო სააგენტო პროცესის შესაჩერებლად და სად წავა უკვე გამხმარი მასალა ?
ნაძვნარი, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიას აკრავს გამხმარი და თითქმის გაჩეხილია. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ნაძვის ტყის მასივმა ხმობა, ორი წლის წინ დაიწყო და პიკს, წელს ზაფხულში მიაღწია.
მოსახლეობის თქმით, გამხმარი ნაძვის, სოციალური ჭრისთვის ნებართვა ერთი თვის წინ დაავადებული ხეების გასაწმენდად გაიცა. ახლა, სოფლის ბოლოს არსებული მასივიდან, ადგილობრივებს მოჭრილი ხმელი ნაძვის მორები გამოაქვს, პარალელურად კი დარჩენილ იმ ხმელ ნაძვებსაც ჭრიან, რომლებსაც მათი თქმით, წლების განმავლობაში ქარსაცავი დანიშნულება ჰქონდა.
მოსახლეობა შიშობს, რომ ნაძვის ხმობით სოფელს გეოლოგიური პრობლემები შეექმნება და მეწყრული პროცესები გააქტიურდება.
ნაძვის მასიური ხმობა მარტო ამ სოფლის პრობლემა არ არის, ნაძვნარი ნენიის მიმდებარე სოფელ ბუთურაულშიც გახმა. ამ სოფელში არა მარტო მრავალწლოვანი ხეები, პატარა ნაძვის ხეებიც კი კვდება. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებასა და მარადმწვანე, წიწვოვანი ნერგების განაშენიანებას სთხოვს.
კითხვაზე - რატომ ხმება ნაძვი აჭარის მთიანეთში და რას აკეთებს სატყეო სააგენტო პრობლემის მოსაგვარებლად? აქ განმარტავენ, რომ 2013 წლიდან ტყეებში მონიტორინგს ახორციელებენ, პარალელურად კი წიწვოვანი ხეების მავნებლებელ მწერებს, დაჭერით ანადგურებენ.
რა ბედი ელის ნაძვნარს აჭარის მთიანეთში და შეჩერდება თუ არა წიწვოვანი ხეების მასიური ხმობის პროცესი ეს შესაბამისი სამინისტროების აქტიურ მუშაობაზეა დამოკიდებული. მოსახლეობის ინფორმაციით კი, დასახლებულ პუნქტებთან ახლოს არსებულ ტყის მასივებში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არანაირი წამლობითი ღონისძიება არ გატარებულა.