28, ოქტომბერი 2018 20:04:00
ახლა კი გთავაზობთ სიუჟეტს პრეზიდენტობის კანდიდატებზე. რა შეფასებები გააკეთეს პირველი პირობის მსურველებმა ხკის დაფიქსირების შემდეგ ?
საკუთარი არჩევანი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტობის კანდიდატებმა დღის პირველ ნახევარშივე დააფიქსირეს. მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ხმა კრწანისის საარჩევნო ოლქში, მესამე უბანზე მისცა. სალომე ზურაბიშვილი არჩევანის დასაფიქსირებლად შვილებთან ერთად მივიდა და აღნიშნა, რომ ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოს მისცა.
,,გაერთიანებული ოპოზიციის“ პრეზიდებტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ არჩევნებში უპირობო გამარჯვებას ელოდება. გრიგოლ ვაშაძემ, საკუთარი პოზიცია თბილისის 22 ე უბანზე დააფიქსირა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას დარღვევების რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება.
,,შენების მოძრაობის“ ლიდერი ხმის მისაცემად შვილებთან ერთად მივიდა. დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის არჩევანია და არა მისი პირადი გადაწყვეტილება.
მეუღლესთან ერთად მივიდა არჩევნებზე ,,ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი. დავით ბაქრაძემ ხმა დედაქალაქში 27 ე უბანზე მისცა. იგი დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი მხარს მშვიდობიან, უკეთეს, საიმედო და ევროპულ ხვალინდელ დღეს დაუჭერს.
ცოლთან ერთად მივიდა არჩევნებზე ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი. ის მოსახლეობის მხარდაჭერაში დარწმუნებულია. ურნაში ბიულეტენის ჩაგდებისას ყუთზე სიმბოლურად სამჯერ დააკაკუნა.
არჩევნების პირველადი შედეგები რამდენიმე საათში გამოქვეყნდება. პრეზიდენტის არჩევნები საქართველოში პირდაპირი წესით ბოლოჯერ ტარდება.