28, ოქტომბერი 2018 20:08:00
რა გარემოში მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი რეგიონში? აჭარაში, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკროავტობუსების მობილიზება მთელი დღის განმავლობაში შეინიშნებოდა. ამტიცებდა, რომ მმართველი გუნდი ამომრჩევლების მოსყიდვით იყო დაკავებული.
ზუსტად რა ეწერა ამ ფურცლებზე, ამის იდენტიფიცირება რთული აღმოჩნდა. თუმცა ფარულად გადაღებული კადრების თანახმად ე.წ. ბარცხანის დასახლებაში #41 საარჩევნო უბანთან მიკროავტობუსში შეკრებილი მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ ერთ-ერთი პარტიის მხარდამჭერთა სიებს ადგენდნენ.
მას შემდეგ, რაც საეჭვო სიების შესახებ შეკრებილებს ვკითხეთ, ოპერატორს ერთ-ერთი მათგანი ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა. აქტივისტები ირწმუნებოდნენ, რომ პანაშვიდზე წასვლის მსურველთა სიებსა და ფულს აგროვებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე პოლიციის ეკიპაჟიც იმყოფებოდა, ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ და ტერიტორია მალევე დატოვეს. თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს.
სავარაუდოდ მსგავსი შინაარსის სიებს ადგენდნენ თამარის დასახლებაში #57-ე და 59-ე უბნებთანაც. აქტივისტები უბნებთან მიკროავტობუსებით დილიდანვე იდგნენ და სიებს მუდმივად ამოწმებდნენ. თუმცა აქაც სამძიმარზე წასვლა მოიმიზეზეს და ფურცლები არ გვაჩვენეს.
მიკრო ავტობუსების მობილიზება დაფიქსირდა ხელვაჩაურის საარჩევნო უბნებზეც, სადაც ოპოზიციის ინფორმაციით, ადგილზე სიებით მმართველი გუნდის აქტივისტები იყვნენ. აქაც კამერების გამოჩენის შემდეგ სამარშუტო ტაქსში მყოფმა პირებმა მიმალვა სცადეს.
ოპოზიციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე ჩვენი გადამღები ჯგუფების მიერ გადაღებული კადრების თანახმად, მიკროავტობუსები აჭარის თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე იყო მობილიზებულები.