პარასკევი 23, აგვისტო 2019

დაყადაღებული კურორტი - რა ბედი ელის გომარდულს?

05, ნოემბერი 2018 20:04:00

დაყადაღებული კურორტის გაურკვეველი მომავალი. „გომარდული“ ტურისტების მიღებას სავარაუდოდ ვერც წელს შეძლებს. რატომ ვერ ახერხებს  მფლობელი გადასახადის გადახდას და რატომ არ ცდილობს რეგიონის მთავრობა სააქციო საზოგადოებისთვის ხელშეწყობას?  გთავაზობთ სიუჟეტს მაღალმთიანი აჭარიდან 

სამთო-სათხილამურო კურორტი გომარდული, რომელიც 2011 წელს წელს გაიხსნა, მხოლოდ რამდენიმე წელი იფუნქციონირა. გახსნიდან სამ წელიწადში, კურორტის მფლობელი სააქციო საზოგადოება „გომარდული“ ქონების გადასახადის გამო დააყადაღეს. კურორტის მენეჯერი ამბობს, რომ ორგანიზაციამ, ეკონომიკის სამინისტროს მათ მფლობელობაში არსებული 52 ჰექტარი მიწის ნაკვეთიდან დიდი ნაწილი ქონების გადასახადის სანაცვლოდ დაუთმო, თუმცა კურორტს ამით არც ყადაღა მოეხსნა და ვერც პრობლემა მოგვარდა. 

ჯემალ ყიფიანი გვეუბნება, რომ გომარდულის დაყადაღებით დაზარალდა, არა მხოლოდ აქციონერები, არამედ ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც კურორტზე დასაქმებული იყო და ამავდროულად სოფლის მეურნეობის პროდუქტებსაც ყიდდნენ.

კურორტი ფუნქციონირებას, მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, თუ მას ყადაღა მოეხსნება. მენეჯერის თქმით, ამ დროისთვის მთაში არსებული ინფრასტრუქტურა ყველანაირ მოთხოვნას პასუხობს და შეუძლია ნებისმიერ დროს ვიზიტორი მიიღოს. 

„გომარდულის“ აქციონერი და უმაღლესი საბჭოს წევრი ხვიჩა შარაშიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ერთის მხრივ  კურორტზე სამუშაოების განსახორციელებლად, მეორეს მხრივ -  დაზუსტდეს თუ რა ხელშეწყობა ექნება ორგანიზაციას ხელისუფლებისგან.

რა ბედი ელის გომარდულს, რატომ ვერ ექცევა ყურადღება აჭარის მთაში არსებულ ზამთრის კურორტს და მოეხსნება თუ არა წელს ყადაღა? კითხვებზე პასუხებს ხელისუფლებისგან მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდით, თუმცა ოფიციალური კომენტარი მთავრობამ ამ საკითხებზე არ გააკეთა, აჭარის მთავრობის პრესცენტრში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ კურორტის განვითარება კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. ზამთრის კურორტისთვის ხუთი კოტეჯი და რესტორანი სააქციო საზოგადოებამ, ბათუმიდან 74 კილომეტრში სოფელ გომარდულში  2011 წელს მოაწყო.
სიუჟეტი მომზადებულია ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. და აქვე გეტყვით, რომ თუ გჭირდებათ ჟურალისტის დახმარება, დარეკეთ ნომერზე 579  34 24  24 


დღის ამბები