12, ნოემბერი 2018 20:03:00
არასამთავრობო ორგანიზაცია „სივიტას ჯორჯიას“ ინიციატივით და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2 წლის წინ სოფდელ აგარაში გახსნილი საბავშვო ბაღის ალტერნატიული ჯგუფის შენობა ავარიულია. სააღმზრდელო პროცესი კი სიცოცხლისთვის საფრთხს შემცველ გარემოში მინდინარეობს. როგორც ირკვევა ადგილობრივ ხელისუფლებას ბავშვების უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის დღემდე არაფერი გაუკეთებია.
სოფელ აგარის საბავშვო ბაღის ალტერნატიული ჯგუფი, სადაც სკოლამდელ განათლებას 21 ბავშვი ეუფლება, საგანგაშო მდგომარეობაშია. ჩატეხილია იატაკის ის ნაწილი, სადაც ბავშვები დღეში რამდენჯერმე გადაადგილდებიან. გაუმართავი და ამორტიზებულია შენობის ჭერი და კედლებიც. კარებს აქ, სახელურის ნაცვლად, კარებზე მიმაგრებული მავთულებით აღებენ.
შენობას არ აქვს საჭირო ინვენტარი, ბავშვების ფეხსაცმელები კიბეებზე, ღია სივრცეში აწყვია, შესასვლელში კი ძველი, ჟანგმოდებული სეიფი დევს. მაია გელაძე გვიყვება, რომ შენობა ამ მდგომარეობაში დაახლოებით ერთი წელია არის. შენობას არც წყალი აქვს და არც ელექტროენერგია მიეწოდება. აღმზრდელი წყალს, სათლით სკოლის ეზოდან ეზიდება.
მშობლები გვიყვებიან, რომ გათბობა შეშის ღუმელზეა, რის გამოც ოთახი კვამლიანდება, ამის გამო კი ღუმელს არ იყენებენ. გათბობის არარსებობის გამო მშობლებს ბავშვები მხოლოდ თბილ ამინდებში დაჰყავთ.
ალტერნატიული ჯგუფი დღის განმავლობაში მხოლოდ, ოთხი საათი მუშაობს. სააღმზრდელო პროცესი დილით , 10 საათზე იწყება და ორზე სრულდება, რის გამოც მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ლელა დავლაძე ამბობს, რომ ბავშვები მას მხოლოდ მაშინ მიჰყავს, როცა სასოფლო - სამეურნეო საქმიანობას ეწევა.
სოფელ აგარაში, საბავშვო ბაღის ალტერნატიული ჯგუფი სამი წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ გახსნა, ახლა ის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი შესაბამისად ადგილობრივი თვითმართველობაა. ხულოს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მერიამ მწირი ბიუჯეტის გამო შენობის რეაბილიტირება ვერ შეძლო.
კიდევ რამდენხანს მოუწევს პატარებს, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ყოფნა და როდის დათბება მათთვის გამოყოფილი ორი ოთახი - ეს ხულოს ბაღების გაერთიანებასა და მერიის მუშაობის ხარისხზეა დამოკიდებული. მანამდე კი მათთვის, სააღმზრდელო დაწესებულების შენობის კარი ისევ, ჩატეხილი იატაკის გავლითა და კარზე გამობმული მავთულით გაიღება.