19, ნოემბერი 2018 20:05:00
რატომ ამბობენ უარს მეწარმეები 5 ლარზე ნაკლებ შენაძენზე ბარათით ანგარიშსწორებაზე? აქვთ თუ არა კომერციულ ობიექტებს ბარათიდან ნებისმიერი თანხის მოხსნის ვალდებულება? რას ამბობენ ბანკების წარმომადგენელეი და რა პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს? მხარეთა პოზიცები და განმარტებები სიუჟეტში
მალვინა ასამბაძე ერთადერთი არ არის, რომელიც პრობლემას სასურსათო მარკეტში უნაღდო ანგარისსწორების დროს აწყდება. ხშირ შემთხვევაში მოლარე-ოპერატორი ბარათს იმ მოტივით არ ატარებს, რომ შენაძენი 5 ლარს არ აღემატება.
მალვინას მსგავსად იგივე პრობლემაზე ნატალია კირკიტაძეც საუბრობს. მომხმარებლის თქმით, იმის გამო, რომ მაღაზიებში ნაკლებ შენაძენზე ბარათს არ ატარებენ უხერხულ სიტუაციაში ხშირად აღმოჩენილა. მისთვის უცნობია ეს დამოკიდებულება კონსულტანტების თვითნებობაა თუ კომერციული ბანკების გადაწყვეტილება.
ნებისმიერ ტრანზაქციაზე, სავაჭრო ობიექტი შესაბამის ბანკს საკომისიოს უხდის, ამას მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს. თემაზე მეწარმეთა უმრავლესობა კომენტარს არ აკეთებს, ნაწილი კი თვლის, რომ 5 ლარამდე შენაძენზე ბარათით გადახდა მათთვის ფინანსურად მომგებიანი არ არის.
მეწარმეების მხრიდან მსგავს მიდგომას არ მიესალმება „თი ბი სი ბანკის“ მენეჯმენტი. აქ განმარტეს, რომ სამომავლოდ ხელშეკრულების პირობები შეიცვლება, რომლის მიხედვითაც საკიმისიოს ღირებულება შემცირდება. შესაბამისად ობიექტებს აღარ ექნებათ იმის განცდა, რომ ნაკლებ შენაძენზე ბარათის გატარებით ზარალდებიან.
მეწარმეების მხრიდან ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ტრანზაქციის მინიმალური საკომისიოთი, რაც ბანკს და ობიექტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დევს. ბანკს თითოეულ ტრანზაქციაზე აქვს ხარჯი და აქედან გამომდინარე არსებობს მინიმალური ტარიფი კონტრაქტში. მაგალითად ტრანზაქციის ტარიფია 1.5% მინიმუმ 10 თეთრი. 2 ლარიან ტრანზაქციაზე 10 თეთრი გამოდის 5%, რომლის გახდას წვრილი მარკეტები ხშირად თავს არიდებენ. ხელშეკრულებით უარის თქმა არ არის ნებადართული და არც ბანკისგან აქვთ ამაზე თანხმობა. ყველა მსგავს ობიექტთან ვახდენთ კომუნიკაციას და თუ ფინანსები გვაძლევს საშუალებას, ვუკორექტირებთ მინიმალურ ტარიფს, რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს.
ჩვენ დღეს რამდენიმე ბანკის წარმომადგენელს დავუკავშირდით მათ შორის „საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტს, სადაც განმარტეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციას მოიკვლევენ, რის შემდეგაც გაკეთდება განმარტება. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მეწარმე ვალდებულია ნებისმიერ შენაძენზე ტრანზაქცია ბარათი განახორციელოს. უარის შემთხვევაში ბანკს შეუძლია მაღაზიის მეპატრონის დაჯარიმება. ხელშეკრულება ყველა ბანკთან ინდივიდუალურია და სხვადასხვა პროცენტებს ითვალისწინებს.