22, ნოემბერი 2018 20:01:00
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა ხელვაჩაურშიც. ფინანსური დოკუმენტის სამუშაო ვერსია 18 მილიონამდე ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტის მერი ამტკიცებს, რომ პრიორიტეტები მოსახლეობასთან შეთანხმებით განისაზღვრა. შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ პირველ პირს და ადგილობრივებს განსხვავებული მოსაზრებები აღმოჩანდათ. რა საკითხებზე ვერ შეუთანხმდა ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურელებს?
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროეტის საჯარო განხილვას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. 2019 წლის პრიორიტეტებთან დაკავშირებით, მოსახლეობის ნაწილს და მერს განსხვავებული პოზიციები აღმოაჩნდათ. სოფელში კულტურის ცენტრის აშენებას მერია არ გეგმავს.
მოსახლეობამ პრიორიტეტებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და მოთხოვნები დღევანდელ შეხვედრაზე წამოადგინეს. მათი ნაწილი შეშის გამოტანის პროცესის შეფერხებასა და დაგვიანებაზე საუბრობდა.
კვლავ პრობლემურია მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხიც. ხელვაჩაურის სოფლებში გადაადგილება მხოლოდ კერძო სატრანსპორტო საშუალებებით არის შესაძლებელი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, პრიორიტეტები მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად განისაზღვრა. 2019 წელს ბიუჯეტი ძირითადად ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებში გაიხარჯება. 510 170 სოციალური პროგრამებისთვის, 4 მილიონი განათლებისთვის, 6 მილიონ ლარზე მეტი ინფრაქტრუქტურული პროექტებისთვის.
დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობის მიერ გახმოვანებული მოთხოვნები სკოლების გარემონტება, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა და მოსაცდელების განთავსება იყო. საკრებულო მომდევნო წლის ბიუჯეტს შენიშვნებით მერიას დღეს დაუბრუნებს. საკრებულოს თავჯდომარე დარწმუნებულია, რომ მერია დოკუმენტში მათი მოთხოვნების შესაბამის შესწორებებს შეიტანს.
ხელვაჩაურის 2019 წლის პირველადი ბიუჯეტი 17 743 400 ლარს შეადგენს.