22, ნოემბერი 2018 20:02:00
ქედაში მერიამ რამდენიმე საკალმახე მეურნეობა შესაძლოა გაყიდოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაზარალდებიან ფერმერები, რომლებსაც ტერიტორიებზე თევზსაშენი აქვთ მოწყობილი და უფრო მეტიც, ამით თავს ირჩენენ. სიუჟეტიდან გაიგებთ რატომ არ გამონახა სახელმწიფომ გზა აქამდე იმისთვის, რომ სოფელ ზვარეში მცხოვრებლებს ქონება 1 ლარად გადასცემოდათ, და შეღავათებით ესარგებლათ?
სოფელ ზვარეში მცხოვრებმა მერაბ ჯაბნიძემ, სოფლის მდინარეზე თევზის აუზები წლების წინ მოაწყო და ამერიკული კალმახი გამოჰყავს. დროთა განმავლობაში ფერმერმა მეურნეობა გააფართოვა და ახლა მის სარგებლობაში, რამდენიმე თევზის საცავია. მეურნეობა ოჯახის მთავარი შემოსავლის წყაროა.
თევზის მეურნეობის მოწყობიდან რამდენიმე წელში ქედის იმ დროინდელმა გამგეობამ აუზების ნაწილი საკუთარ ქონებად დაირეგისტრირა და იმისთვის, რომ მერიამ საკუთარი ქონება აუქციონის წესით გაყიდოს საპრივატიზაციო ნუსხაშიც შეიტანა. ამ მეურნეობის გარდა ქედის მერიის გასაყიდ ობიექტების ჩამონათვალში ამავე სოფელში არსებული კიდევ ორი თევზის აუზია შესული. მერაბ ჯაბნიძე გვიყვება, რომ თავის დროზე წყალსაცავი იმ დროინდელი გამგეობის ნებართვითა და გეგმით მოაწყო.
ამავე სოფელში მცხოვრები შალვა ქობულაძე ამბობს, რომ მიწა, რომელიც აუქციონის წესით ჯერ კიდევ 12 წლის წინ შეისყიდა და მასზე მეურნეობა მოაწყო ვერ ირეგისტრირებს, უფრო მეტრიც, აუქციონის წესით ნაყიდი ქონების ნაწილი მისი თქმით, ახლა სატყეო ფონდის, ნაწილი კი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. დაურეგისტრირებელ მეურნეობაზე ფერმერები ვერც სახელმწიფო შეღავათებით სარგებლობენ და ვერც დაბალ პროცენტიანი საბანკო სესხით.
ქედის მერიაში გვეუბნებიან, რომ სამი საკალმახე მეურნეობა, რომელიც ჯაბნიძეებს ეკუთვნის მუნიციპალურ ქონებად, წინა ხელისუფლების დროს დარეგისტრირდა და განმარტავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით საკლამახეები მერიამ ან აუქციონის წესით უნდა გაიყიდოს, ან გამონაკლისის სახით, ხელისუფლებამ ფერმერებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად უნდა გადასცეს.
თუ არსებობდა სამართლბრივი ბერკეტი, რაც ფერმერებს შესაძლებლობას მისცემდა მეურნეობა დაერეგისტრირებინათ და სახელმწიფო შეღავათით ესარგებლათ მერიამ ამ კუთხით რატომ არ იმუშავა? მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ ამ საკითხებზე ახლაც მუშაობენ და ირწმუნებიან, რომ ფერმერები არ დაზარალდებიან.