რა დარღვევები დააფიქსირეს დღის განმავლობაში დამკვირვებლებმა ? რა შინაარსის კანონდარღვევებზე საუბრობდნენ ოპონენტები? რამდენად ხშირი და საფუძვლიანი იყო საჩივრები ?
დარღვევებზე საუბარი აქტუალური იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომელთაც თავიანთი დამკვირვებლები ამჯერადაც ყავდათ უბნებზე მივლენილი, აღნიშნავენ, რომ გამოვლენილი დარღვევები არაფრით განსახვავდებოდა სხვა თუ პირველი ტურის არჩევნებზე დაშვებული შეცდომებისაგან. შესაბამისად, დაიწერა საჩივრებიც.
ამ დროისათვის 79-ე ბათუმის საარჩევნო ოლქში შვიდი საჩივარია შესული. სადამკვირვებლო ორგანიზაციების გარდა, საჩივრით ოლქს „გაერთიანებულმა ოპოზიციამაც“ მიმართა.
დღის განმავლობაში რამდენიმე ინცინდენტის შესახებ გახდა ცნობილი ბათუმის სხვადასხვა უბანზე. შესაბამისად განცხადებები კეთდებოდა დარღვევებთან დაკავშირებითაც. ერთ-ერთი პირველი ინცინდენტი ბათუმის მე-17-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი საარჩევნო უბნიდან მოხსნეს. როგორც გაირკვა, მან ერთ-ერთ ამომრჩეველს გვარი ჰკითხა, რაც უფლებამოსილების გადაჭარბებად შეფასდა.
დაპირისპირება იყო ბათუმის 29-ე საარჩევნო უბანზეც. ,,ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ჭეიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვლადიმერ მგალობლიშვილი ირწმუნებოდნენ, რომ ოპონენეტებმა მათ კოორდინატორს ის ფურცლები წაართვეს, რომლებზეც მხარდამჭერების სახელი, გვარი და ტელეფონის ნომრები ეწერა. დეპუტატები აღნიშნავდნენ, რომ კანონდარღვევა არ ყოფილა და სიების უკან დაბრუნებას მოითხოვდნენ. „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ კი ირწმუნებოდნენ, რომ დოკუმენტები არავისთვის წაურთმევიათ და ისინი მათ მოქალაქეებმა თავიანთი სურვილით გადასცეს.
„გაერთიანებულ ოპოზიციაში“ „ქართული ოცნება“ ე.წ. ,,კარუსელის“ მცდელობაშიც დაადანაშაულეს. მირდატ ქამადაძემ ისაუბრა უბნებიდან „გაერთიანებული ოპოზიციის“ დამკვირვებლების უკანონოდ გაძევების ფაქტებზეც.
მირდატ ქამადაძემ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზეც ისაუბრა. ოპოზიციაში ბრალდება ვიდეომასალით დაამოწმეს. „ქართული ოცნების“ მიერ ფულის გადაცემის ფაქტი, მტკიცებულების მიხედვით, ბათუმის მე-4-ე საარჩევნო უბანზეა გადაღებული. ქამადაძემ რეაგირებისკენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, თუმცა აქ ფაქტზე ძიების დაწყება მათ პრეროგატივად არ მიაჩნიათ.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა აგიტაციაში დაადანაშაულეს „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღავნელი მერაბ ღოღობერიძე. ადრესატი ბრალდებას უარყოფდა. სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის 32-ე საარჩევნო უბანზე მოხდა.
ინცინდენტი იყო ბათუმის 26-ე საარჩევნო უბანზეც. კენჭისყრის პროცესში ხელშეშლის ბრალდებით, უბნიდან პოლიციის ძალით გაიყვანეს სადამკვირვებლო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ევროპული მომავლისთვის“ წარმომადგენელი. ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ უბანზე ხშირი იყო შემთხვევები, როცა ხმას მარკირებაგავლილი პირები აძლევდნენ.
კენჭისყრის დღის განმავლობაში დაფიქსირებულ დარღვევებზე საჩივრების დაწერა დღეს სრულდება, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე კი გასაჩივრების ორდღიანი ვადა მოქმედებს.