07, დეკემბერი 2018 14:22:00
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში, ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამუშაოებისთვის 180 000 ლარია გათვალისწინებული. ამდენივე ლარის დახარჯვას გეგმავს მერია, სოფელ ხაბელაშვილებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობის დასასრულებლად და საჭირო ინვეტარით აღსაჭურვად.
სოფელ ლაკლაკეთში, მოძველებული და ამორტიზებული დაწყებითი სკოლის ნაცვლად, ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდება. (30 000 ლარი).
16 500 ლარის ფარგლებში, სახურავი შეიცვლება და შიდა რემონტი ჩაუტარდება კვიახიძეების მუზეუმს. ზედა ღორექეთში მცხოვრებლები კი, 2019 წლის ბოლომდე, ახალი წისქვილით სარგებლობას შეძლებენ. აღნიშნული სამუშაოს განსახორციელებლად, ადგილობრივი ხელისუფლება, 6 000 ლარს დახარჯავს.
ცინარეთში, გომარდულსა და დღვანში არსებული სამედიცინო პუნქტის შენობები გარემონტდება, სამუშაოებისთვის მერიას ჯამში 15 400 ლარი აქვს გათვალისწინებული.
შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი, სასმელი წყლის სისტემის მოწყობაა. პროექტის მიხედვით, რაბათის უბანში, სოფელ ცეკვაში, ნაღვარევსა და ცეცხვანის უბანში სასმელი წყლის მიყვანაა დაგეგმილი. სასმელი წყლის აუზს შეიძენენ ჭვანაში, წყაროთის უბნისთვის. კვესაური - დარჩიძეებსა და ხიჭაურში არსებულ სასმელი წყლის ავზს კი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
მუნიციპალიტეტს თანხები ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვისაც აქვს გათვალისწინებული. კერძოდ, 70 400 ლარია გამოყოფილი ხაბელაშვილების ისტორიული ხის ხიდთან, საავტომობილო ხიდის მოწყობისთვის. ამავე მიზნით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტბეთი - წაბლანის შემოვლით გზას. ცინარეთის ციხეზე მისასვლელ გზაზე კი, მუნიციპალიტეტი ახალი საფეხმავლო ბილიკისა და გარე განათების მოწყობას გეგმავს.
საცალფეხო ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი გორჯელათისა და ჯვარის უბნების დამაკავშირებელ გზაზე.
2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში ორი მოსაცდელიც აშენდება, კერძოს სოფელ ჭალასა და ბუთურაულში.