11, დეკემბერი 2018 20:28:00
სასულიერო პირების და კათოლიკური ეკლესიის მრევლის მოთხოვნა. საკულტო ნაგებობის შეუღობავი ეზო და თვითნებურად მოწყობილი ავტოსადგური ტერიტორიაზე. განადგურებული მწვანე საფარი და ქალაქის დაბინძურებული შემოსასვლელი. თემს პრობლემების მოსაგვარებლად თვითმმართველობის დახმარება სჭირდება. რა თქვეს ბათუმის მერიაში?
ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკური ეკლესიის დიაკონი იმ პრობელემებზე საუბრობს, რომელიც თემს 18 წელია აწუხებს. ტაძრის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრული არ არის, რის გამოც მძღოლები საკულტო ნაგებობის ეზოში მიკროავტობუსებს თვითნებურად აჩერებენ. შედეგად ზიანდება მწვანე საფარი.
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე კათოლიკური ეკლესია 2000 წელს აშენდა. მაშინ ეკლესიის ეზო სასულიერო პირების გადაწყვეტილებით არ შეღობეს და ტერიტორია მცენარეებით შემოსაზღვრეს, მოგვიანებით კი ბზის ხეები სხვადასხვა გარემო პირობების გამო დაზიანდა. კათოლიკეებმა ტერიტორიის შემოღობვის მიზნით პროექტიც შეადგინეს, თუმცა როგორც თავად ამბობენ, რკინის კონსტრუქციის მონტაჟისთვის თემს საჭირო თანხები არ გააჩნდა.
კათოლიკური ეკლესიის ეზოში ბოლო რამდენიმე წელია მძოლები მიკროავტობუსებს უნებართვოდ აჩერებენ. ამ ტერიტორიაზე დღის განმავლობაში დაახლოებით 20-მდე ავტომობილია დაპარკინგებული. მწვანე საფარის დაზიანების პარალელურად დაბინძურებულია საკულტო ნაგებობის ეზოც. ბათუმი ქობულეთის სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების გაღიზიანება ჩვენი გადამღები ჯგუფის გამოჩენამ გამოიწვია.
ის, რომ ქალაქის შემოსასვლელში თვითნებურად მოწყობილი ავტოსადგური ფუნქციონირებს ამის შესახებ ბათუმის მერიაში ინფორმაცია აქვთ, თუმცა უწყებამ პრობლემა დღემდე ვერ აღკვეთა. მას შემდეგ, რაც ჩვენ აღნიშნული თემით დავინტერესდით, საქალაქო ტრანსპორტის სამსახურში პირობა დადეს, რომ აღნიშნულს შეისწავლიან და შესაბამისი ზომებიც გატარდება.
დაეხმარება თუ არა ბათუმის მერია კათოლიკეებს საკულტო ნაგებობის ეზოს შემოღობვაში ? თვითმართველობაში განმარტეს, რომ ამისთვის წერილობითი მიმართვაა საჭირო, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახური მოთხოვნის მიზნობრიობას შეისწავლის.