11, დეკემბერი 2018 20:58:00
ახლადაშენებული სკოლა, რომელიც რემონტს საჭიროებს. საუბარია აგარის სკოლაზე. შენობაში სასწავლო პროცესი დანესტილ ოთახებში მიმდინარეობს. არ არის საჭირო ინვენტარი, კლასების რაოდენობაც არასაკმარისია. რაში დაიხარჯა მილიონ ლარზე მეტი 1 წლის წინ და ჩაიბარა თუ არა დაუსრულებელი სამუშაოები შამილიშვილის უწყებამ?
სოფელ აგარაში არსებული საბაზო სკოლა, რომელიც გასულ წელს ჩაბარდა, სარემონტოა. სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე კდელები დანესტილია, რის გამოც უსიამოვნო სუნია. ოთახში, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, სპორტული აქტივობა მიმდინარეობდა, ახლა ცარიელია, იატაკი წყლითაა გაჟღენთილი, კარები და ჩოგბურთის მაგიდა კი დანიშნულების ადგილის ნაცვლად, კედელზეა მიდგმული. სარემონტოა გასახდელი ოთახები და დარბაზიც. უამინდობის დროს აქ სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდის.
არსებულ ვითარებასთან ერთად, სკოლას არ აქვს საჭირო ინვენტარიც. ცარიელია გასახდელები, აქ არც გარდერობი დევს და არც სხვა საჭირო ავეჯი. ოთახი, სადაც მოსწავლეებს გაკვეთილები ქიმიაში, ფიზიკასა თუ ბიოლოგიაში, უნდა ჩაუტარდეს არ არის ლაბორატორია, უფრო მეტიც, ოთახების სიმცირის გამო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეს ოთახი, რუსული ენის გაკვეთილების ჩატარებასაც ეთმობა, შესაბამისად, კედლებზე რუსული ენის თვალსაჩინოებაა მიმაგრებული. ხულოს რესურსცენტრის უფროსი ირწმუნება, რომ აგარის სკოლა საჭირო ინვენტარითა თუ ლაბორატორიით მალე აღიჭურვება.
აგარის სკოლა, აჭარის განათლების სამინისტროს დაკვეთით აშენდა. აქ გვითხრეს, რომ უწყებამ გამართული შენობა ჩაიბარა, მშენებლობამდე კი გეოლოგიური მოკვლევა ჩაატარეს, რაც მშენებლობის უფლებას იძლეოდა. სკოლაში დღეს არსებულ მდგომარეობას კი ასე განმარტავენ:
სამინისტროს ინფორმაციით, აგარის სკოლის ეზოს რეაბილიტაცია და ძველი შენობის დემონტაჟი პროექტში არ შედიოდა, ამ კუთხით სამინისტრო თანხების გამოყოფას სამომავლოდ აპირებს. გეგმით სკოლასთან საყრდენი და სადრენაჟე არხი უნდა მოეწყოს, სკოლის ძველ შენობას დემონტაჟი ჩაუტარდეს და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასთან ერთად, ღია სპორტული მოედანიც უნდა აშენდეს.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითაა მომზადებული. აქვე გეტყვით, რომ თუ გჭირდებათ ჩვენი დახმარება, დარეკეთ ნომერზე 579 34 24 24