15, იანვარი 2019 20:33:00
განუხორციელებელი პროექტი ქობულეთში, რომელზეც ხელისუფლებამ 18 ათასი ლარი დახარჯა. სოფელ ცეცხლაურში ჩაის პლანტაციების მრეწველობის განვითარების ინიციტივა ფერმერებისთვის ფუჭი დაპირება აღმოჩნდა. რაში გადაიხადა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თანხა?
სამუშაო პროცესი აქ რამდენიმე თვის წინ დასრულდა. მას შემდეგ ადგილობრივებს სოფელში არც ინვესტორი და არც სამინისტროს წარმადგენლები უნახავთ. მიწის ნაკვეთზე ჩაის ბუჩქების ნაცვლად, სარეველა ბალახები იზრდება, რაც გარეული ცხოველების თავშესაფრადაა ქცეული. პროექტი თავის დროზე ფერმერებმა მოიწონეს და მასზე სამომავლო გეგმებიც დასახეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ მათი მოლოდინი დასაქმების კუთხით ფუჭია.
მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ ინიციატივას, რომელიც დღემდე არ განხორციელდა, ოპოზიცია წინასაარჩევნო დაპირებას უწოდებს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ადგილი კორუფციას ჰქონდა. რევაზ ხარაზი აუდიტის სამსახურს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
ჩაის პლანტაციისთვის ტერიტორიის გამოყოფის პროცესში ფერმერთა ასოციაციების და ექსპერტების ჩართულობის აუცილებლობას ხედავს დარგის სპეციალისტი. ნუგზარ სუარიძეს ამის მაგალითად ასოცირების ხელშეკრულება მოჰყავს.
მთავრობაში არ თვლიან, რომ თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა. აჭარის სოფლის მეურნეობნის სამინისტროში ამბობენ, რომ 18 000 ლარი მხოლოდ ტერიტორიის მოძიებისათვის, შემოღობვისა და პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გამოიყო. ტიტე აროშიძე ირწმუნება, რომ საინვესტიციო პაკეტი უკვე მომზადებულია და ახლა ინვესტორის მოძიების პროცესში არიან.
აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ინვესტორის მოძიების
შემდეგ გადაწყდება, მოუწევს თუ არა სახელმწიფოს დამატებითი თანხების გათვალისწინება.
როდის განხორციელდება პროექტი სოფელ ცეცხლაურში - ფერმერებიც ამ კითხვაზე პასუხს ელიან.