22, მარტი 2019 20:55:00
მედიკოსების დაუდევრობის მიზეზით ბათუმში სავარაუდოდ კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ხელს ექიმებისკენ იშვერენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტის მოკვლევა დაიწყო. არის თუ არა მელანო ფუტკარაძის ახლობლების პრეტენზიები საფუძვლიანი ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
29 წლის ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მუცლის არეში ძლიერი ტკივილით 17 მარტს მიიყვანეს. გარდაცვლილის დედა გვიყვება, რომ სამედიცინო დაწესებულების მიმღებში 4 საათი ალოდინეს, რა დროსაც პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ქალს მუცლის ღრუს ულტრბგერითი და გინეკოლოგიური კვლევა ჩაუტარდა, ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დაადგინეს.
დედის თქმით, მელანო ფუტკატრაძე სამედიცინო დაწესებულებიდან ბინაზე მეორე დღეს გაწერეს. მედიკოსებმა პაციენტს თბილი აბაზანის მიღება ურჩიეს, რამაც ნარგიზ ქათამაძის მტკიცებით, ორგანიზმში მოწამვლის პროცესი ააჩქარა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს იმ ექიმის პასუხისმგებლობის დასმას ითხოვენ, რომელიც პაციენტს მკურნალობდა.
რეფერალური საავადმყოფოდან გაწერილი პაციენტი, მეორე დღეს მწვავე ტკივილით „მედ ცენტრში“ მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებაში ახალგაზრდა ქალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. აქ ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდა ქალს კონსულტაცია ემერჯენსის ექიმმა და ქირურგებმა გაუწიეს, რის შემდეგაც მას შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარდა.
პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლთ დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.