ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

უკანონო მშენებლობა ქობულეთის მერიის გვერდით, რომელიც ზედამხედველობამ ვერ შეამჩნია

01, აპრილი 2019 20:54:00

უკანონო მშენებლობა ქობულეთის მერიასთან,  რომელიც უწყებამ ვერ შენიშნა.  რატომ შენდება სართულები პროექტის და ნებართვების გარეშე ტურისტულ ქალაქში ან როგორ გამორჩა მხედველობიდან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ობიექტი, რომელიც  9  -ის ნაცვლად   11  სართულიანია?  კორუფცია თუ არაეფექტური კონტროლი?  რატომ დუმს  კომპანიის დირექტორი?

ტერიტორიაზე საინფორმაციო ბანერი არ არის განთავსებული, თუმცა აქ სამშენებლო პროცესი აქტიურ ფაზაშია. ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის 66 ნომერში ეს ობიექტი პროექტის მიხედვით, 9 სართულიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეპატრონემ პირობა დაარღვია. მენაშენეს სართულების დამატების სურვილი მშენებლობის პროცესში გაუჩნდა. აღმოჩნდა, რომ მისი შეჩერება მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ 11 სართულის აგების შემდეგ შეძლო. ტერიტორიაზე ჩვენ გადამღებ ჯგუფს ხელოსნები დახვდა, რომლებმაც გვითხრეს, რომ მეპატრონე ადგილზე არ იმყოფებოდა.

კანონდარღვევისთვის კომპანია „ლუნა ბილდინგი“  სულ სამჯერ დააჯარიმეს, ჯამში 2 500 ლარით. საკრებულოს მმართველ გუნდში გვარწმუნებენ, რომ ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება. ნათია თხილაიშვილის თქმით, ნებართვისა და პროექტის გარეშე აშენებული სართულების დემონტაჟი მოხდება.

მშენებლობა მუნიციპალიტეტის მერიიდან დაახლოებით 200 მეტრში, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ გარემოების მიუხედავად ზედამხედველობის სამსახურს კანონდარღვევის შემჩნევა გაუჭირდა. ფულადი სანქცია კომპანიას მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემდგომ დააკისრეს. 

როდის დაიწყება პროექტისა და ნებართვის გარეშე აშენებული სართულების დემონტაჟი მერის მოადგილემ არ იცის, თუმცა დავით ვერულიძე კანონის აღსრულების პირობას დებს. 

ჩვენ დღეს განმარტებისთვის სახლის მშენებელს დავუკავშირდით. არჩილ მიქაძემ გვითხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს კომპანიის იურისტი გააკეთებდა, თუმცა მოგვიანებით მიქაძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

ია, იურისტები პრევენციისთვის იმის საჭიროებას ხედავენ, რომ არსებული პოლიტიკა შეიცვალოს და კანონდამრღვევის მიმართ მკაცრი სანქციები დაწესდეს. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, არსებული რეალობა იმით არის გამოწვეული, რომ მსგავს შემთხვევებზე შესაბამის უწყებებს სათანადო რეაგირება არ აქვთ.

დაუშვებს თუ არა უნებართვო სართულების დემონტაჟის პრეცედენტს ქობულეთის მერია ამას დრო გვიჩვენმებს. ბუნებრივია ტვ 25 მოვლენებს დააკვირდება და ამ თემაზე უფრო მეტ დეტალს რამდენიმე თვის შემდეგ შემოგთავაზებთ.