22, მარტი 2017 20:11:00
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11 მარტს დაკავებული რამაზ ხიმშიაშვილისა და ჯიმი ვარშანიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. აღნიშნული პირების დაკავებას 11 მარტის ცნობილი საპროტესტო აქცია მოჰყვა. გადაწყვეტილება მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ საქმეში სამართალდარღვევის არარსებობის გამო მიიღო. ჯიმი ვარშანიძეს მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა დაუმტკიცდა, რის გამოც 100 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. რაც შეეხება რამაზ ხიმშიაშვილს, მოსამართლემ განმარტა, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებაში ბრალდებულის მხრიდან სამართალდამცველის მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა არ დადასტურდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიციელის მხრიდან სკანდალური შეფასება მოყვა. პოლიციის თანამშრომელმა, გია ხალვაშმა განაცხადა, რომ სასამართლო მისი მეწყვილის ჩვენებას დაეყრდნო, რომელმაც გუშინდელ სხდომაზე დაკითხვისას სიმართლე უარყო. ცრუ ჩვენების მიცემა კი მეგი ხუნწელიას, მეუღლემ აიძულა, რომელიც სუს-ის თანამშრომელია. პოლიციელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.