22, მაისი 2019 21:04:00
ბიზნესად ქცეული გატაცება. გზა მედიცინიდან სოფლის მეურნეობამდე. პროფესიით სტომატოლოგი, რომელმაც მეურნეობა საქართველოს 3 კუთხეში - აჭარაში, სვანეთსა და რაჭაში მოაწყო. ამერიკაში მოღვაწე სპეციალისტი ჩვენს რეგიონში თაფლს მთაში, უძველესი მეთოდით აწარმოებს. როგორია ალექსანდრეს ყოველდღიურობა და რა გეგმები აქვს მეფუტკრეს სამომავლოდ?
პროფესიით სტომატოლოგი, ამერიკაში მოღვაწე ალექსანდრე ჩისტოპრუდოვი „ჯარას“ თაფლის წარმოებით დაინტერესდა. სოფელ კოლოტაურიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ მთაში მეურნეობა მოაწყო და ფუტკარს უვლის. ამბობს, რომ ფერმერობა მისი ჰობია, თუმცა მატერიალურმა შესაძლებლობამ საშუალება მისცა გატაცება ბიზნესად ექცია.
„ჯარას“ თაფლის ისტორიაც კარგად იცის. ამბობს, რომ მთაში, ძველი მეთოდით დამზადებული თაფლი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, ეკოლოგიურად სუფთაა. ამ ტიპის სკებში არც ფუტკარი ავადდება.
მთიანი აჭარა იმიტომ შეარჩია, რომ მცენარეთა ნაირსახეობა ხარობს. მიუხედავად იმისა, რომ სკები ტყეში აქვს, ეს პრობლემას არ უქმნის. მტაცებლებისგან დასაცავად მეურნეობა ელექტრო ღობით შემოსაზღვრა და ბიზნესს დღითიდღე აფართოვებს. დანამატებს არ იყენებს, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა სიროფი შეაქვს სკებში.
მილიონამდე ლარის „ჯარას თაფლის“ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის პროფესიონალებიც შემოიკრიბა და ახლა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების მოლოდინშია.
გარდა ქედისა, მეფუტკრეობას სვანეთსა და რაჭაშიც ეწევა. სამომავლო გეგმა და მიზანი კი არსებული მეურნეობის გაფართოება, ბიო სერტიფიკატის მოპოვება და ექსპორტია. პროდუქციას ძირითადად ამერიკაში გაიტანსს. პროდუქციას კი „ფერმერის ბიო ფერმას“ სახელით გამოუშვებს.