03, ივნისი 2019 09:34:00
ანტიკური ტრადიციის თანახმად აფსაროსის დაარსება არგონავტების ექსპედიციას უკავშირდება. მათ მიერ აიეტის ვაჟის აფსირტეს მოკვლას და ამ ადგილას დაკრძალვას. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით უძველესი დასახლება აქ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. საკუთრივ ციხე აქ რომაელებმა ახ. წ. I საუკუნის 70-იან წლებში ააგეს. გონიოს ციხე აფსაროსი, ისტორიული ციხესიმაგრეა აჭარაში. იგი გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან მდებარეობს. უძველესი ცნობა მის შესახებ რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს ეკუთვნის. ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით. გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომ დროინდელი სახელწოდებაა. II საუკუნეში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი. 1547 წლიდან 1878 წლამდე გონიოს ციხე ოსმალებს ეკავა. ციხე გეგმით დიდი ზომის სწორკუთხედია,ყოველ მხარეს თითო ჭიშკარი აქვს, გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული.გონიოს ციხე ქვითაა ნაგები. შეინიშნება რამდენიმე სამშენებლო ფენა. თქმულებების მიხედვით, ციხეს უწინ თურმე ჭოროხი ჩამოუვლიდა და ციხის მახლობლად იქვე ზღვას ერთვოდაო. გადმოცემის მიხედვით, ამ მდინარეს უწინ სანაოსნო მნიშვნელობა ჰქონია: აქედან ძველად ნავებით ართვინში გადადიოდნენო. დროთა განმავლობაში ჭოროხის ეს ტოტი ჩაკეტილა და ტბად გადაქცეულა. ასე შექმნილა ტბა, რომელიც დღეს გონიოს ტბის სახელითაა ცნობილი. იმას რომ აფსარის ციხე რომაელთა ლეგიონებისათვის პლაცდარმს წარმოადგენდა მოწმობს იტალიაში ნოლას მახლობლად აბელაში კვარცხლბეკზე აღმოჩენილი წარწერა. ამ წარწერაში მოხსენიებულია კოლონია აბელას პატრონი ცენტურიონი მარციუს პლეტორიუს ცელერი. წარწერაში მის შესახებ ნათქვამია, რომ მრავალილეგიონის ცენტურიონად დაყოფისას იგი, როგორც პართიის ომის მანაწილე, დააჯილდოვა იმპერატორმა ტრაიანემ, წარწერაში ნათქვამია, რომ ერთ დროს ის ასრულებდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებულ და აფსარში დაბანაკებული დამხმარე რომაელი ჯარების მეთვალყურე რაზმების მეთაურის თანამდებობას.