კვირა 18, აგვისტო 2019

რა ვიცით პიანინოს შესახებ

10, ივნისი 2019 13:22:00

იტალიელმა ოსტატმა ბართოლომეო კრისტოფორიმ შეაერთა კლავესინის ძირითადი გარეგნული იერსახე და კლავიკორდის ჩაქუჩიანი მექანიზმი. ამ ახალ საკრავში მან პატარა ხის ჩაქუჩებს ტყავი გადააკრა. თავის გამოგონებას კრისტოფორიმ უწოდა „gravicembalo col piano e forte“ (კლავესინი ჩუმი და ხმამაღალი ხმით), შემოკლებით ფორტეპიანო. ეს იყო უფრო მძლავრი და მდიდარი ჟღერადობის კლავიშიანი ინსტრუმენტი, რომელსაც სუსტი და ძლიერი ბგერების გამოცემა შეეძლო.  კრისტოფორის მიერ პირველი ფორტეპიანოს შექმნიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ გერმანელი ოსტატი გოტფრიდ ზილბერმანი, რომელიც ორგანებს აკეთებდა, დაინტერესდა ამ ახალი ინსტრუმენტით და მისი გამოშვება დაიწყო. გერმანელმა და ავსტრიელმა ოსტატებმა განაგრძეს ფორტეპიანოს მოდელის დახვეწა, რათა შეექმნათ უფრო პატარა, მსუბუქი ოთხკუთხა საკრავი. ინგლისში ფორტეპიანოს მოდელის გასაუმჯობესებლად ოსტატთა სხვა ჯგუფი მუშაობდა. XVIII საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს ისინი გერმანიიდან ინგლისში გადავიდნენ საცხოვრებლად. ერთ-ერთმა მათგანმა, იოჰანეს ცუმპემ, შექმნა ოთხკუთხა ფორტეპიანოს მოდელი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ფრანგმა სებასტიან ერარმა და ევროპელმა თუ ამერიკელმა ოსტატებმა დიდი წვლილი შეიტანეს ფორტეპიანოს შემდგომ განვითარებაში. გამჭრიახმა შოტლანდიელმა მეავეჯემ ჯონ ბროდვუდმა განჭვრიტა, რომ ფორტეპიანოზე დაკვრა იდეალური გასართობი იქნებოდა მზარდი საშუალო ფენის ახალგაზრდა ქალებისთვის. მალე მისი საწარმო შეუდგა ოთხკუთხა ფორტეპიანოსა და როიალების დიდი რაოდენობით დამზადებას.  1800 წელს ინგლისელმა ჯონ აიზეკ ჰოკინზმა შექმნა პიანინოს პირველი წარმატებული მოდელი; მისი სიმების ქვედა ნაწილი მოთავსებული იყო იატაკთან ახლოს. ამ კონსტრუქციის პიანინომ თანდათანობით განდევნა ოთხკუთხა ფორტეპიანო. 1777 წელს ახალგაზრდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ბავარიაში ახალი ინსტრუმენტის სანახავად იოჰან შტაინის სახელოსნოს ესტუმრა და მალევე მან სპეციალურად ფორტეპიანოსთვის დაიწყო მუსიკის წერა და სულ რაღაც ოთხ წელიწადში 15 საფორტეპიანო კონცერტი შექმნა. რამდენიმე წლის შემდეგ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა  გააცოცხლა, თითქმის აამღერა ფორტეპიანო. ეს სწორედ ის ინსტრუმენტი იყო, რომელსაც მუსიკის სამყარო ელოდა. ამიერიდან ახალი — რომანტიკული და მღელვარე — მუსიკა იღვრებოდა სცენიდან. „ფორტეპიანოს პოეტი“ ფრიდერიკ შოპენი მისი საშუალებით თავის ფიქრებსა და გრძნობებს გამოხატავდა. ფერენც ლისტმა ფორტეპიანოსთვის შექმნა ისეთი ამაღელვებელი და ორიგინალური მუსიკა, რომელიც მას მთელი ორკესტრივით აჟღერებდა. ის ვირტუოზული შესრულებითაც ატყვევებდა მსმენელს.

მწარმოებლებმა დროთა განმავლობაში ინსტრუმენტს რკინის სამაგრები გაუკეთეს, ბოლოს კი მთლიანად თუჯის ჩარჩო ჩამოასხეს. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა სქელი სიმებისა და მძიმე ჩაქუჩების გამოყენება უფრო მძლავრი ბგერების გამოსაცემად. მაგრამ ეს ბგერები საკმაოდ უხეში იყო, ამიტომ მათ შესარბილებლად ჩაქუჩებს ქეჩას აკრავდნენ. შედარებით გრძელი სიმები დაჭიმული იყო მოკლე სიმების დიაგონალურად, რამაც გააუმჯობესა საკრავის ჟღერადობა და ადგილიც დაზოგა. ასე გაჩნდა თანამედროვე ფორტეპიანო და მასთან ერთად დიდ პიანისტთა მთელი პლეადა. XX საუკუნის დასაწყისში პრესტიჟულად ითვლებოდა, თუ სახლში ფორტეპიანო იყო. ამიტომ ყველა ოჯახი ცდილობდა ამ ინსტრუმენტის შეძენას მიუხედავად იმისა, იცოდნენ ოჯახის წევრებმა მასზე დაკვრა თუ არა.

ერთი მუსიკოსის ისტორია ნახეთ :


https://www.youtube.com/watch?v=q0oQqPubwxU&fbclid=IwAR0sjiZzm0aQaJd38tn_Afu9gVOA7VC5hWssLZ2SlG1QYwiUXygpD4Cb_xI

ავტორი(ები)

169