10, ივნისი 2019 21:00:00
აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დარღვევები, რომელზეც მესამე სექტორიც საუბრობს. არგებენ თუ არა ტენდერების პირობებს აჭარგანათებას? შპს დირექტორი ბათუმის საკრებულოს წევრის ნათესავია. იყენებს თუ არა ამ გარემოებას კომპანია, რომელიც ვალდებულებებს არ ასრულებს და უფრო მეტიც, საჯარიმო სანქციებს თავს არიდებს?
დარღვევები გარე განათების წერტილების მოვლა შენახვასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ტენდერების ერთ კონკრეტულ კომპანიაზე მორგება და საჯარიმო სანქციებზე თავის არიდება. აუდიტის სამსახური აჭარაში შპს აჭარგანათების დარღვევებზე საუბრობს. რეკომენდაციები უწყების მიერ წინა წელსაც გაიცა, თუმცა რეაგირების გარეშე დარჩა. ამიტომაც მასალები სამართალდამცავ ორგანოს გადაეცა.
აჭარგანათების მიერ მოგებული კონტრაქტების სავარაუდო ღირებულება 27 მილიონ ლარს შეადგენს. ხარვეზების მიუხედავად მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური შპს-ს თანხას ისევ უხდის. არადა უწყებას იგი 731 ათას 400 ლარით უნდა დაეჯარიმებია. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.
აჭარგანათების დირექტორი ბათუმის საკრებულოს წევრის ირაკლი თოფურიძის ძმაა, მათი დედა კი კომპანიის 52 %-ის მფლობელია. დეპუტატმა დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. შპს აჭარგანათების ხელმძღვანელი კი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ცალკეული წერტილების განათებასთან დაკავშირებით პრობლემები ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო შეიქმნა , რისთვსაც შესაბამისი სამსახურები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული.
ფაქტების დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მირდატ ქამადაძის თქმით ეს ქართული ოცნების მხრიდან კორუფციული გარიგების კიდევ ერთი მაგალითია.
რა ეტაპზეა გამოძიება პროკურატურაში არ აკონკრეტებენ. საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი მერიის ეკთილმოწყობის სამსახურშიც არ გააკეთდა.