ოთხშაბათი 21, აგვისტო 2019

შეჩერებული პროექტი, რომელზეც სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს

11, ივნისი 2019 20:44:00

საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი, რომელიც შეჩერდა. უკვე დახარჯული 23 მილიონი ლარი და ხარვეზები, რომელიც შიდა აუდიტმა აღმოაჩინა. რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას მთავრობა საფრში ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებაზე? ჩემი კოლეგა არკვევდა
ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელიც სარფში 2017 წელს უნდა დასრულებულიყო დღეს ასე გამოიყურება. პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია და ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკაც გაყავთ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ ნაპირსამაგრი სამუშაოების უფლება 2013 წელს მოიპოვა. საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, კომპანიამ პროცესი პირდაპირი შესყიდვის წესით დაიწყო. 
სამუშაოების ღირებულებამ, 2019 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, 35 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 23  მლნ ლარი მხოლოდ ნაპირსამაგრი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას მოხმარდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას „ფაქტ ჩეკი ავრცელებს“, სადაც ასევე, ნათქვამია, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა პროექტის განხორციელებაში ხარვეზები აღმოაჩინა.
კორუფცია და დაუდევრობა - ასე აფასებს ოპოზიცია საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტის შეჩერების ფაქტს. „ნაციონალური მძრაობის“ წევრი პასუხისმგებლობას ცენტრალურთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებასაც აკისრებს.
როდის განახლდება სამუშაოები ? ამ თემაზე აჭარის მთავრობაში კომენტარი არ გაკეთდა. ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც. აქ პასუხისამგებლობა თავიდან აიცილეს და ნაპირსამაგრი ჯებირის მშენებელი კომპანიისკენ გადაგვამისამართეს, სადაც ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.