17, ივნისი 2019 12:13:00
საქართველოს ეროვნული ბანკი ფულის გათეთრების კუთხით რისკის მატარებელი პირების საძიებო პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურების შესყიდვას გეგმავს. შესაბამისი წინადადებების მისაღებად და მომსახურების ფასის დასადგენად სები ბაზრის კვლევას ატარებს.
„ეროვნულ ბანკში უნდა დაინერგოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ადგილობრივ და საერთაშორისო ტრანზაქციებში მონაწილე პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების მოძიება/გადამოწმების სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სიები, რომლებიც არიან მხილებულნი ტერორიზმში, არიან პოლიტიკურად აქტიურნი, ან სხვა ნიშნით რისკის მატარებელნი. პროგრამული უზრუნველყოფა უნდა წარმოადგენდეს სკანირების სისტემას, რომელმაც თავის მხრივ უნდა მოიცვას კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ შედგენილი ფიზიკური და იურიდიული პირთა სიები და მათი მუდმივი განახლება…“ – აღნიშნულია სების ტექნიკურ დავალებაში.
ეროვნული ბანკის მოთხოვნით საძიებო პროგრამული უზრუნველყოფა, უნდა იყოს მზა სისტემა, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს მცირე მორგება ეროვნულ ბანკის სპეციკფიური მოთხოვნების შესაბამისად.
მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სისტემის მოხმარების სახელმძღვანელო, ინსტრუქცია, ასევე უზრუნველყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა სისტემური ადმინისტრატორების და პროგრამისტების ერთჯერადი ტრენინგი სისტემის ფუქნციონირების შესაბამისი მიმართულებების მიხედვით.
მიმწოდებელმა პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურების გაწევა სისტემის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 36 თვის განმავლობაში უნდა მოახდინოს.