ორშაბათი 26, აგვისტო 2019

ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდზე ოკუპაციის თემა განიხილეს

04, ივლისი 2019 10:07:00

საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

2-3 ივლისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესებასა და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე შედეგებზე.

 

ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებულ მწვავე სიტუაციაში მოხდეს ვითარების დეესკალაცია.

 

„მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რაც წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების შედეგს.

 

ქართველმა მონაწილეებმა დასვეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურების საკითხი. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნის მიზნით.

მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების, თავისუფალი გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის საკითხები, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას.

 

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 8-9 ოქტომბერს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.

 

სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

ავტორი(ები)

99