ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და ე.წ. ობშიაკის შეგროვების ბრალდებით დაკავებულ 10 პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
კიდევ ერთ პირს, რომელსაც ბრალი მე-17 დაწესებულებაში წარედგინა, მის მიმართ წინასასამართლო სხდომა დაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული რამდენიმეთვიანი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს.
„დაკავების ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კერძოდ, ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია წითელ ხიდზე, მაშინ როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.შ., 1996 წელს დაბადებული თ.მ., 1973 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ლამბო“), 1974 წელს დაბადებული ა.ა. ( მეტსახელად „ოსკარი“, იგივე „ალესკერი“), 1980 წელს დაბადებული ა.ვ. (მეტსახელად „ხომეინი“), 1980 წელს დაბადებული დ.ბ. (მეტსახელად „გოჭი“), 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. (მეტსახელად „ჯოლო“), 1985 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1981 წელს დაბადებული თ.ქ. (მეტსახელად „წიე“) და 1988 წელს დაბადებული ი.გ. (მეტსახელად „ყურშა“). სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს (მეტსახელად „ლერის“) ანალოგიური დანაშაულისთვის ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს.
აღნიშნულ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულთა შორის 4 პირი ღიად აღიარებდა ქურდულ სამყაროს. ისინი ე.წ. კანონიერი ქურდების - „გულის“, მისი ძმის - ნამიკ სალიფოვის და მათი გარემოცვის სასარგებლოდ და მათი სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, ციხეში მყოფი ქურდული სამყაროს წევრი, მეტსახელად „ლერი“ კრიმინალური გავლენების გამოყენებით აგროვებდა ე.წ. „საერთოს“ და აგზავნიდა თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის - მინდია ლავასოღლის გარემოცვასთან.
მასთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა დაკავებულთა შორის მყოფი ქურდული სამყაროს 5 წევრი“.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მინდია ლავასოღლის გარემოცვისთვის გადასაცემი ე.წ. „ობშიაკის“ თანხა“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას "ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე, რომელიც საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.