11-12 ივლისს, ქ. ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას "საქართველოს ევროპული გზა" უმასპინძლებს.
წლევანდელი კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ეწვევიან, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების - პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები.
კონფერენცია ორი დღის განმალობაში გაგრძელდება და სხვადასხვა თემატურ სამუშაო სესიაზე მონაწილეები შეაფასებენ "აღმოსავლეთ პარტნიორობას", ათწლეულის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს, ერთმანეთს გაუზიარებენ ახალ იდეებს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის და იმსჯელებენ სამომავლო ნაბიჯებზე.
პირველი სესია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შექმნას და ამ სტრატეგიული პროექტის ეფექტიანობას მიეძღვნება.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 6 პარტნიორი ქვეყნის თაოსნობით შეიქმნა და ამოქმედდა შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივა - „აღმოსავლეთ პარტნიორობა", რომლის მიზანიც ევროკავშირთან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აჩქარებული პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო.
„აღმოსავლეთ პარტნიორობამ" ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა და მათ ევროკავშირთან მეტი დაახლოებისთვის გზა გაუხსნა. აღსანიშნავია, საქართველომ სრულად გამოიყენა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები, მათ შორის ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს წევრობა და სხვა.
ორდღიანი კონფერენციის მომდევნო ცხრა თემატურ სესიაზე განხილულ იქნება "აღმოსავლეთ პარტნიორობის", როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივის განვითარება, დემოკრატიული ტრანსფორმაცია სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში, შავი ზღვის უსაფრთხოება, ჰიბრიდული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. კონფერენცია შემაჯამებელი სესიით 12 ივლისს დასრულდება.