ორშაბათი 26, აგვისტო 2019

ბათუმი- ახალი წარწერა, რომელიც ქალაქის თავზე მალე გამოჩნდება

19, ივლისი 2019 20:35:00

„ბათუმი“-ქალაქის  თავზე მალე ახალი წარწერა გამოჩნდება. ჰოლივუდის მსგავსი კონსტრუქცია 3 მეტრი სიმაღლის იქნება და ყველაზე მაღალ ადგილას, ბათუმგორაზე განთავსდება. იდეა მოქალაქეს ეკუთვნის. ავტორმა ინიციატივა  ქალაქის საკრებულოში დაარეგისტრირა და ხმათა უმრავლესობით დაფინანსებაც მიიღო. 

დაახლოებით 3 მეტრი სიმაღლისა და 37 მეტრი სიგანის წარწერა ,,ბათუმი“ ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილას განთავსდება. კონსტრუქცია ბათუმის ლოგოთი როგორც ქართული, ასევე ლათინური ასოებით იქნება წარმოდგენილი. იდეა თეონა კეშელავას ეკუთვნის. ავტორი ამბობს, რომ ესკიზის შექმნაში ხელოვანები, დიზაინრები და სხვა სფეროს წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი.

ფიქრობს რომ წარწერის თავისებური ვერსია, ბათუმელებისთვის და ვიზიტორებისთვის ერთნაირად მიმზიდველი იქნება, იდეა თავდაპირველად ბათუმის საკრებულოზე წარადგინა. სულ 35-იდან 10 განსხვავებული ვერსია შეირჩა. საბოლოოდ კი ხალხის მიერ  მოწონებული სწორედ თეონა კეშელავას პროექტი გახდა.

სიახლეს დადებითად აფასებენ ადგილობრივები. მათი თქმით, ძველი წარწერა ,,ბათუმი“ კარგად არ აღიქმება, თუმცა ტურისტების ყურადღებას მაინც იქცევს. თანამედროვე კონსტრუქცია კი ბათუმის იერსახეს ბევრად მოუხდება.

როდის გამოჩნდება ახალი წარწერა ბათუმის თავზე? - ბათუმის მერიაში ზუსტ დროს ვერ ასახელებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სამუშაოები მიმდინარე წელს განხორციელდეს.

პროექტისთვის ბათუმის მერიის მიერ 40 ათასი ლარია გამოყოფილი.