08, აგვისტო 2019 11:49:00
ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ჯარისკაცების გმირობა და მათი ბედი ამ ომში არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება გახდეს სხვადასხვაინტერპრეტაციის საგანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
კითხვაზე, უჭირს თუ არა მმართველ გუნდს იმის თქმა, რომ ვლადიმერ პუტინი მტერი და ოკუპანტია, არჩილ თალაკვაძე განაცხადა, რომ „კარგად ჩანს, ვისაც უჭირს და ვინ ცდილობს მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანას“. ამასთან თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები თავის მართლების რეჟიმში არიან.
„ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალი თვითშეგნება იმისთვის, რათა გავაცნობიეროთ, რომ ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ჯარისკაცების გმირობა და მათი ბედი ამ ომში არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი. ეს არის ერთი გმირობის ისტორია და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მხრივ გვაქვს სახელმწიფოებრივი პოზიცია და ოჯახებთან ერთად ვაცნობიერებთ სრულად, რამხელა მსხვერპლი გაიღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა აგვისტოს ომის დროს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
წყარო: inp