14, აგვისტო 2019 19:19:00
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი – AB ფინანსთა მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად სახელმწიფო მილიონობით დავალიანების მქონე ეროვნულ მაუწყებლებს ვალების რესტრუქტურიზებას სთავაზობს.
AB-ი ბოლო წლების განმავლობაში არაერთგზის მიუთითებდა სამაუწყებლო – მედია სექტორში არათანაბარ საგადასახადო პირობებზე, რომლის ნაწილია გავლენიანი მაუწყებლების მიმართ ლოილაური, ხოლო მცირებიუჯეტიანი ლოკალური მაუწყებლების მიმართ მკაცრი საგადასახადო პოლიტიკა, თუმცა მხოლოდ ეს მიდგომა არ ქმნის არათანაბარ პირობებს.
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი- AB აქამდეც აწვდიდა მთავრობას კონკრეტულ წინადადებებს, მზა პოლიტიკის დოკუმენტს, მედიასექტორში, აუდიო-ვიზუალური მწარმოებლებისთვის თანაბარი პირობების შესაქმნელად, თუმცა პასუხად პოლიტიკური ნება დღეს გამოხატულია იმ მილიონობით დავალიანებებში („რუსთავი 2-ს“ 28 მილიონამდე, „იმედს“ – 19 მილიონის ფარგლებში, „მაესტროს“ კი 9 მილიონ ლარამდე დავალიანება აქვთ დაგროვილი), რაზეც ფინანსთა სამინისტრო დღეს თავად საუბრობს.
რეგიოულ მაუწყებელთა ალიანსი – AB, მოვითხოვთ მთავრობამ ამჯერად მაინც აწარმოოს ფართო მსჯელობა საკითხის ირგვლივ. ჩვენ კვლავ გამოვთქვამთ მზაობას ჩავერთოთ პროცესში და წარვადგინოთ პრობლემის მოგვარების კონკრეტული გზები.