11, აპრილი 2017 20:28:00
თურქეთში, ქ. რიზესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. დაშავებულთაგან სამ ადამიანს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებენ. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეები, რიზეში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ მოინახულეს. ისინი ადგილზე გაეცნენ დაშავებულთა მდგომარეობას, შეხვდნენ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს. ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა არდაშენში 9 აპრილს მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა, სახანძრო მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად შუახევში მცხოვრები ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 6 -მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.