23, აგვისტო 2019 12:00:00
ბრაზილიაში, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრების ინტენსივობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ქვეყნის კოსმოსური კვლევის ცენტრის თანახმად, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ჯუნგლებში, რომელიც მილიონამდე ადგილობრივი მკვიდრის საცხოვრებელიცაა, ხანძართა რიცხვი, გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 80%-ით არის გაზრდილი.
https://www.youtube.com/watch?v=DbX-EwoVxGo
ცენტრმა, რომელიც ტყის ხანძრებს 2013 წლიდან აკვირდება, მიმდინარე წელს ბრაზილიის მასშტაბით ყველაზე მეტი – 72, 843 ხანძარი აღნუსხა. რთულმა ვითარებამ საერთაშორისო მედიის ყურადღება განსაკუთრებით მიმდინარე კვირაში მიიპყრო. გასული ხუთშაბათიდან მოყოლებული, უწყებამ ამაზონის ტყეებში ხანძრის 9, 507 ახალი კერა დათვალა.
სტიქია იმდენად ძლიერია, რომ მისი ეფექტი სატელიტიდან გადაღებულ მასალაშიც კარგად ჩანს. როგორც CNN ევროკავშირის სატელიტურ პროგრამაზე დაყრდნობით იუწყება, კვამლი ქვეყნის თითქმის ნახევარს ფარავს.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ბრაზილიის უმსხვილესი ქალაქი სან-პაულუ ჩანს, რომელიც ამაზონში გაჩენილი ხანძრის ფონზე შავი კვამლითაა დაფარული. ზოგიერთი მეტეოროლოგის აზრით, შესაძლოა ეს მეზობელი პარაგვაიდან და ბოლივიიდანაც მოდიოდეს, სადაც ასევე უკიდია ცეცხლი ამაზონის ტყეებს.
ამაზონს ზოგჯერ დედამიწის ფილტვებადაც მოიხსენიებენ. ის დედამიწის ატმოსფეროში ოქსიგენის 20%-ს გამოყოფს.