ღურტას საბავშვო ბაღის გამგე, რომელიც გუშინ, ხულოს მერმა გაათავისუფლა „TV 25”-ის ჟურნალისტს ეკა ბარამიძეს და საინფორმაციო სამსახურის უფროსს სულხან მესხიძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება. მედეა მამულაძე მაუწყებლის რეპორტიორს მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის.
მოკლე ამონარიდი მედეა მამულაძის შეტყობინებებიდან:
- მაგარი გასაროზგი ტიპი ხარ!!! ადამიანმა უნდა შეგდგეს ფეხებით და იმდენი უნდა გირტყას, ისედაც ჩიტის წონა ხარ, რომ შეგასრევინოს უნდა!!! შენი ხელი ურევია ამ სიბინძურეში მე ისედაც მივდიოდი მაგ თანამდებობიდან მთელმა ხულომ იცის!!! მაინც საკუთარი განცხადებით წავედი და უკეთესს მოვნახავ და მაქვს ამისი იმედი, იმიტომ რომ ყველამ იცის მაქ რაც ხდებოდა, მაგრამ შენ ისეთი საცემი ხარ, რომ ცხვირ-პირიდან სისხლი გაქვს სადენი, რომ ამდენი აჟიოტაჟი დამატეხე თავს შენი ქარაფშუტა ჭკუით!!! შეგხვდები ვიწრო გზაზე! ცხოვრება წინაა!!!
- არსად არაფერი არ არის აღძრული, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავედი და მე ჩემს ადგილს ყველგან ვიპოვი, ისედაც მივდიოდი მაგ ბაღიდან, მაგრამ შენ ღმერთი არ შეგარჩენს!!! არ გაგიმართლებს ცხოვრებაში მასეთი ქარაფშუტა ჭკუით, იქნები მასე აცენცერებული ინტრიგანი!!! მარტო ჩემთან არ შეგშლია შენ, ბევრთან შეგეშალა და ბოლოს ვიღაცა თან გაგაუპატიურებს და თან ცხვირ-პირს გაგიერთიანებს!
- ახალგაზრდა გოგო ხარ და გითხარი მომეშვი, მე შენთან არაფერი მაქვს საერთო მეთქი და პირიქით გადამიტრიალე ტვინი!!! ღმერთმა და ბუნების ძალამ საკუთარ ბედზე გაუბედურებული გატარა!!! ისეთი სამარცხვინო რამ ჩაგადენინა, რომ სატელევიზიო და სამარცხვინო თავად გაგხადა!
- შენ და სულხან მესხიძე ერთნაირი ბოროტმოქმედები ხართ და საეჭვოა თქვენს ურთიერთობაში სხვა კავშირიც არ იყოს!!! შენ ყველაფრის მკადრებელი ყოფილხარ და ახლოდან რომ სადმე შემხვდები აი, მაშინ დაგფერთხავ როგორც უნდა!!! შარი ხარ!!! ენაგატლეკილი შარი!!!
მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რათა დაცული იყოს სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლების უსაფრთხოება.
შეგახსენებთ, მედეა მამულაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის დღის წესრიგში მაშინ დადგა, როდესაც „TV 25“-მა დაწესებულებაში არსებული სიტუაციის ამსახველი ვიდეო კადრები გაავრცელა.
ფარული ჩანაწერების თანახმად, გამგე თანამშრომლებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, გარდა ამისა ჩვენს მაუწყებელთან კომენტარის გაკეთებისას მამულაძე იმ მაღალჩინოსნებს ასახელებდა, რომლებიც მისი თქმით, მას მფარველობენ.
ფიზიკური შეურაცხოყოფის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ამავე თემაზე:
- ფიზიკური დაპირისპირება საბავშვო ბაღში - ჩხუბის ამსახველი ექსკლუზიური კადრები
- დეპუტატი: საბავშვო ბაღის გამგემ თანამდებობა უნდა დატოვოს
- ღურტას საბავშვო ბაღში მოხმდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე საგამოძებო უწყებამ შესწავლა დაიწყო
- ბაღის გამგეს თანამდებობის დატოვების სურვილი აქვს, თუმცა მთავრობას დასაქმებას სთხოვს