მანათობელი და კრატერებით დაფარული მთვარე საუკუნეების განმავლობაში უამრავი მწერლის და მეცნიერის შთაგონების წყარო გამხდარა. ჩვენს თანამგზავრს ბევრ უცნაურობას მიაწერდნენ: მას მწერლები ახლებურ ნორმებზე მოწყობილ საზოგადოებათა გამოგონებისთვის და დედამიწაზე არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური სისტემების კრიტიკისთვის იყენებდნენ; ამასთანავე, ის მეცნიერული და ტექნოლოგიური სპეკულაციებისთვისაც შესანიშნავ სატესტო მიწას წარმოადგენდა.
მთვარეზე მხატვრული ნაწარმოების ჩვენთვის ცნობილი პირველი შემქმნელი მეორე საუკუნის სატირისტი, ლუკიანე სამოსატელია. მის რომანს, ნამდვილ ამბავს, ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის პირველ ნაწარმოებადაც მოიხსენიებენ. მასში მეზღვაურთა მოგზაურობის ამბავი ფანტასტიკურ ხასიათს იღებს, როცა გემს ქარბორბალა მთვარეზე გადაისვრის. დედამიწაზე ლუკიანეს დროს მიმდინარე ტერიტორიული კონფლიქტების გამშარჟებელ ამ სატირულ თხზულებაში პერსონაჟები მთვარისა და მზის მობინადრეებს შორის გაჩაღებულ ომში აღმოჩნდებიან. მწერლის წარმოსახვით შექმნილი მთვარის მაცხოვრებლები შუშისგან მოქსოვილ სამოსში გამოწყობილი მაღალი ჰუმანოიდები არიან, რომლებიც ბაყაყებით იკვებებიან.
ბერძენი ბიოგრაფის, პლუტარქოსის ას წელს დაწერილი მორალიები კი პირველ ისეთ ტექსტადაა მიჩნეული, სადაც მთვარე მეცნიერული განხილვის ობიექტს წარმოადგენს. მასში აღწერილი დიალოგი დედამიწის ორბიტაზე მოძრაობისას სხვადასხვა ფაზაში მყოფი მთვარის ზედაპირის ვიზუალური ცვლილებების ახლო დაკვირვებას ეყრდნობა, რაც ასტრონომიის ადრეულ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.
თვარეზე ლიტერატურულ ნაწარმოებთა რაოდენობა რენესანსის პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა, მეჩვიდმეტე საუკუნეში კი ამ ტენდენციამ მწვერვალს მიაღწია. ამის გამომწვევი მიზეზი გალილეო გალილეის მთვარეზე დაკვირვებები, ჰელიოცენტრიზმის ცნების ეტაპობრივი დამკვიდრება, იმპერიალისტური ცენტრებიდან მოგზაურების მიერ ამერიკის კონტინენტების აღმოჩენა და იქაურ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება გახლდათ. გერმანელმა ასტრონომმა, იოჰანეს კეპლერმა იწინასწარმეტყველა, რომ საფრენი აპარატების გაუმჯობესება მთვარის კოლონიზაციის საწინდარი გახდებოდა. მან 1634 წელს ლუკიანეს და პლუტარქოსის გავლენით შექმნილი მხატვრული ნაწარმოები, სომნიუმი (იგივე სიზმარი: ანუ მთვარის ასტრონომია) გამოაქვეყნა. კეპლერი მასში მოთხრობილ ამბავს გვაწვდის როგორც სიზმარს, რომელიც ისლანდიელი ბიჭის, სახელად დურაქოტუსის შესახებ ესიზმრა. დურაქოტუსი, რომელიც დემონმა დედამიწის გრავიტაციული ველის მიღმა გადასტყორცნა, უზარმაზარი არსებებით დასახლებულ კუნძულ ლევანიაზე (იმავე მთვარეზე) მოგზაურობს. იქ ის მთვარის ორივე ნახევარსფეროს მოივლის და დედამიწას ახალი პერსპექტივით შეხედავს. ამ ნაწარმოებში კეპლერი კოპერნიკული ასტრონომიის შესანიშნავ ცოდნას ავლენს.