10, სექტემბერი 2019 11:44:00
11-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას საოპერო წარმოდგენების ადგილზე მოსმენის შესაძლებლობა ექნება. პროექტის "ოპერა რეგიონებში" ფარგლებში აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, ქართლის, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა რეჟისორ ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმული კამერული ოპერას ნახავს და მოისმენს. ჯან კარლო მენოტის „ტელეფონი" ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა ვენის "ფოლქსთეატრის" მცირე სცენაზე დადგა, მანამდე კი ირინა გაჩეჩილაძის სპექტაკლი ლონდონში "სალონურ ოპერაში" და ბრატისლავაში "ზიჩი პალასში" იყო წარმოდგენილი.
კამერული, ე.წ. სალონური ოპერა საქართველოში სიახლეა. სპექტაკლში რამდენიმე მუსიკოსი მონაწილეობს, მათ შორის არიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი მსახიობები და მომღერლები: ვენიდან (ავსტრია) სოპრანო რუსუდან ბარბაქაძე და პიანისტი გიორგი კაჩინსკი, აგრეთვე ჩელისტი ჰეზერ ლესლი ჰოლანდიიდან. საქართველოდან მონაწილეობენ ბარიტონი დიმიტრი შაფაქიძე, მსახიობი ფილიპე გრეჩულევიჩი და ჩელისტი გიორგი კიკაბიძე. კამერული ოპერის გარდა, სპექტაკლის მეორე ნაწილში მუსიკოსები ასევე შეასრულებენ საოპერო და კლასიკურ ნაწარმოებებს.
საოპერო წარმოდგენები რეგიონებში 11 სექტემბრიდან დაიწყება და პირველი სპექტაკლი იქნება ქალაქ ბათუმში, ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში. 14 სექტემბერს მუსიკოსები ზუგდიდში გადაინაცვლებენ და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში წარმოადგენენ სალონურ ოპერას. 15 სექტემბერს სპექტაკლი გაიმართება ჭიათურაში, ა. წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში. 18 სექტემბერს საოპერო წარმოდგენა პანკისის ხეობაში, დუისის კულტურის სახლში შესრულდება.
19 სექტემბერს მუსიკოსები ნიქოზში ჩავლენ და შიდა ქართლის სოფლებიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართავენ წარმოდგენას კულტურის ცენტრში. კამერული ოპერის ტური რეგიონებში დასრულდება 24 სექტემბერს ახალქალაქში, კულტურის სახლში. პროექტი "ოპერა რეგიონებში" მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას.
პროექტი ემსახურება საოპერო ხელოვნების გაცნობას იმ მოსახლეობისთვის, ვისაც დედაქალაქში ჩამოსვლის და ოპერის თეატრში სპექტაკლებზე დასწრების საშუალება არ აქვს.