16, სექტემბერი 2019 21:25:00
ბაღების კარს მიღმა დარჩენილი ბავშვები ქობულეთში. მუნიციპალიტეტში ასეთი 300-მდე აღსაზრდელია. პრობლემა კი ისიცაა, რომ მათთვის სკოლებში ნულოვანი ჯგუფებიც არ არის ხელმისაწვდომი. ქობულეთის მერია კი საკითხის გადასაჭრელად ვერაფერს აკეთებს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 300-მდე ბავშვი, რომლებსაც 5 წელი უკვე შეუსრულდათ სააღმზრდელო დაწესებულების მიღმა რჩებიან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ, სასკოლო ასაკამდე არ მიუღწევიათ.
მშობლებმა არსებული მდგომარეობა, ქობულეთის გამგეობის წინ, ბავშვებთან ერთად, გააპროტესტეს. ამბობენ, რომ ის მომზადება, რაც არსაზრდელებმა სკოლამდე ბაღში მიიღეს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ფუჭად ჩავლილი იქნება.
მშობლების ნაწილის თქმით, სკოლებში ნული ჯგუფების გაუქმების შესახებ ინფორმაცია, მათთის ახლახანს გახდა ცნობილი. გვიყვებიან, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სასწავლო წლის დაწყებამდე, პრობლემის მოგვარების პირობას დებდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა. იმის გამო, რომ ბავშვებს სასკოლო ასაკი არ აქვთ, სხვადასხვა აქტივობებშიც ვერ ერთვებიან.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში გვითხრეს, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ. ია ხალვაშის თქმით, ნული ჯგუფების მიღებაზე, სკოლებმა თავად თქვეს უარი. დაწესებულებები დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენენ, შესაბამისად მუნიციპალიტეტს მათზე სამართლებლივი წვდომა არ აქვს. ბაღების გაერთიანების უფროსი ამბობს, რომ სკოლები უარის მოტივად მოსწავლეთა გაზრდილ ნაკადს და ფართობის უქონლობას ასახელებენ.
იმ შემთხვევაში თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან კეთილი ნება არ იქნება, უცნობია რა ბედი ელით ბაღისა და სკოლის მიღმა დარჩენილ 300-მდე ბავშვს.