18, სექტემბერი 2019 21:30:00
დაზიანებული გზა და პრობლემები, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ექმნებათ. გიყვებით სოფელ სკურას მოსახლეობის გასაჭირზე. დასახლებაში გზა იმდენად ავარიულია, რომ საფრთხე ბავშვების სიცოცხლესაც ექმნება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ სკურას მოსახლეობა გზის იმ ორ კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტებას ითხოვს, რომლის გამოც, ადგილობრივებამდე გადაუდებელი დახმარების ბრიგადები ვერ აღწევენ. ამბობენ, რომ დასახლების ამ მონაკვეთში მძიმე ავადმყოფი ცხოვრობს და ხშირ შემთხვევაში, მისი ტრანსპორტირება უჭირთ
გზაზე დაუსრულებელი გამაგრებითი სამუშაოების გამო ღია ნაპრალებია დარჩენილი. აქ ბაღისა და სკოლის სამარშრუტო ტაქსებიც ვერ მოძრაობს. ბავშვებს ფეხით უწევთ გადაადგილება, რის გამოც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
მიკროავტობუსი, რომელიც სოფელს ემსახურება გზის გაუმართაობის გამო, დასახლების ბოლომდე ვერ მიდის. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ მცოვრები ასამდე ოჯახი მუნიციპალიტეტის მთავრობას, მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება.
ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ აღნიშნული გზა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. ამ უკანასკნელში კი განმარტეს, რომ სოფელ სკურეში ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარე წლის გეგმაში არ არის. ერეკლე კახიძის თქმით, სავალი ნაწილის გამაგრებითი სამუშაოები , ერთი კვირის ვადაში დასრულდება.
სოფელ სკურეს მოსახლეობა, უყურადღებობის შემთხვევაში, პროტესტის უკიდურესი ზომებისთვის მიმართვას აანონსებს.