03, ოქტომბერი 2019 20:45:00
სოფლები ინტერნეტის გარეშე. მაღალმთიან აჭარაში სერვისი დღემდე ძვირად ღირებულ და ამავდროულად, ხელმიუწვდომელ ფუფუნებად რჩება. ბოჭკოვანი ინტერნეტი ძირითადად, მუნიციპალურ დაბებშია, სოფლებში კი, მოსახლეობა მობილური ინტერნეტით სარგებლობს, რომელიც ძვირი ჯდება და სიხშირე ამინდის ცვალებადობაზეა დამოკიდებული.
სოფელ აგოთაში მცხოვრები გოჩა დუმბაძე ერთ-ერთი მათგანია, რომლის სამუშაო საჭიროებაც ინტერნეტზე იკვეთება. მუნიციპალური დაბიდან, კილომეტრობით დაშორებულ სოფელში, ოთხ ვიზიტორზე გათვლილი ჰოსტელი აქვს მოწყობილი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, აგრო ტურიზმით დაინტერესებულ მოქალაქეებს მასპინძლობს. ამბობს, რომ ტურისტების მთავარი მოთხოვნა ინტერნეტია.
საფრანგეთიდან, სოფელ აგოთაში, აგრო ტურიზმით დაინტერესებული მიშელ კობრინერი ამბობს, რომ დღეს ინტერნეტი აუცილებელი საჭიროებაა და მის გარეშე ქვეყნის, მათ შორის ტურიზმის განვითარება წარმოუდგენელია.
იმ ოჯახებს, რომლებიც მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრობენ და ამავდროულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაშია დარეგისტრირებული, როგორც 100 000-მდე სარეიტონგო ქულის მქონე, ინტრნეტით სარგებლობსთვის,სახელმწიფო,სპეციალურ პროგრამას სთავაზობს. პროგრამას, ეკონომიკის სამინიტროს, ინოვაციებსა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს. დაინტერესების შემთხვევაში, ბენეფიციარებს შეღავათიან ინტერნეტს სთავაზობენ. პროექტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ სერვისით სარგებლობისთვის, ვაუჩერის მისაღებად, პირველ ეტაპზე რეგისტრაციაა საჭირო, რის შედეგაც ბენეფიციარი თვითონ ირჩევს პროვაიდერ კომპანიას.
ქედის მერის მოადგილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით მოსახლეობის დაინტერესება დიდია და იმედოვნებს, რომ სოფლების დიდი ნაწილი, ბოჭკოვანი ინტერნეტითაც მალე დაიფარება.
მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ინტერნეტის მიწოდების სახელმწიფო პროგრამა, 2021 წლის აპრილამდე გაგრძელდება. პროგრამაში ჩართული ინტერნეტ კომპანია კი ვალდებული იქნება, ბენეფიციარს მინიმუმ, 2 მეგაბაიტიანი სიჩქარის ინტერნეტი მიაწოდოს.