16, იანვარი 2017 11:26:00
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წელს პირველად „სამუზეუმო საქმიანობის განვითარების“ ქვეპროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამის ბიუჯეტი 85 000 ლარი იქნება. 60 ათასი ლარით გაიზარდა კინოხელოვნების განვითარების პროგრამის დაფინანსებაც. როგორც უწყებაში განმარტავენ, თანხის ნაწილი აჭარის, როგორც კინოგადაღების საინტერესო რეგიონის, პოპულარიზაციისთვის დაიხარჯება.
წელს პირველად, სამინისტრო ხალხური რეწვის ნიმუშების შესანარჩუნებლად და გადასარჩენად, ხუთი სახელოსნოს დაფინანსებას გეგმავს. გამარჯვებულები კონკურსის გზით შეირჩევიან. უპირატესობა კი იმ სახელოსნოებს მიენიჭება, რომელთა მიერ შექმნილ პროდუქტს საბაზრო პოტენციალი ექნება. თითოეული სახელოსნო მაქსიმუმ 4100 ლარს მიიღებს.
უმაღლესი საბჭოს შენიშვნა გაითვალისწინეს და წელს კალენდარული ღონისძიებები რამდენიმე თვით ადრე დაიწყება. ეს შეეხება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრსაც, რომელიც წელს, პირველად აპრილში ქართულ-ავსტრიული თეატრის ფესტივალის ჩატარებას გეგმავს. მხოლოდ შემოქმედებითი კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის ცენტრი წელს 800 000 ლარს დახარჯავს.
მაღალმთიან აჭარაში მოქმედი სიმღერისა და ქორეოგრაფიული ანსაბლების ხელმძღვანელები წელს ვორქ-შოპებსაც გაივლიან-აქტივობას "ხელოვნების განვითარების ხელშეწყობისა და სოფლად კულტურის პოპულარიზაციის" პროგრამა ითვალისწინებს. ჯამში კულტურის მიმართულებით სამინისტრო წელს 5 პროგრამას და 6 ქვეპროგრამას განახორციელებს და ამისთვის 1 841 000 ლარია გათვალისწინებული.