16, ოქტომბერი 2019 20:59:00
ჩაშლილი კონკურსი და თავმჯდომარის გარეშე დარჩენილი უსინათლოთა კავშირი. დაპირისპირების გამო დღეს ხელმძღვანელი ვერ აირჩიეს. რამ გამოიწვია სკანდალი და დაძაბულობა რიგგარეშე არჩევნებზე და რაზე ვერ შეთანხმდნენ კავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ წევრები? ჩვენი რეპორტიორი არკვევდა დეტალებს
უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნებზე ვითარება დილიდანვე დაძაბული იყო. სიტყვიერი დაპირისპირება კავშირის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ წევრებს შორის მიმდინარეობდა.
არჩევნების ჩაშლა გააპროტესტეს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმა.
ჟურნალისტები პროცესის მიმდინარეობისას, საქმიანობაში ხელის შეშლაზე საუბრობენ. „TV 12”-ის ჟურნალისტის თქმით, უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები ტელევიზიების გამოჩენამ გააღიზიანა და მათ მხარე უწოდა.
სიტყვიერი დაპირისპირება არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ თავმჯდომარის ინიციატივას მოჰყვა, რომელიც ამავდროულად თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია. მისი მოთხოვნა არჩევნების გადადება იყო, რასაც საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზებით ხსნიდა.
თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის თქმით, შესაძლებლობა არ მიეცათ კომისიაში საკუთარი წარმომადგენლები ჰყოლოდათ. ზურაბ მსახურაძე კენჭისყრის პროცესის დარღვევებით წარმართვაზეც საუბრობს.
რევაზ მაისურაძის თქმით, უსინათლოთა კავშირი კერძო სამართლის სუბიექტია, რომლის შიდა საქმის განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაციების დასწრება აუცილებელი არ არის.
უსინათლოთა კავშირის აჭარის ორაგანიზაციის თავმჯდომარე და არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ თავმჯდომარე ალექსი წევილიძე, პოლიციამ, კენჭისყრის შენობიდან დაკითხვაზე გადაიყვანა. როდის გაიმართება არჩევნები, ამ დრომდე უცნობია.