24, ოქტომბერი 2019 20:50:00
ექვსი მილიონი დოლარი ევროკავშირისგან სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და სოციალური ფონის გაუმჯობესების მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. ერთ -ერთი მთავარი ხაზი, რომელიც ენპარდის მესამე ფაზის ფარგლებში, ქვეყნის რვა მუნიციპალიტეტში განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერას გულისხმობს.
პირველ ეტაპზე აჭარაში, დაფინანსებას ქედისა და ხულოს მოსახლეობა მიიღებს. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები ქედის მოსახლეობას შეხვდა და საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
ფაოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტები ევროკავშირმა შეარჩია. დაფინანსების მოპოვება ადგილობრივებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს შეეძლებათ.
პროექტი, რომელის ბიუჯეტი 6 მილიონი ამერიკული დოლარია, 30 თვეს გაგრძელდება და თითოეული განაცხადი მინიმუმ 1000, მაქსიმუმ კი 150 ათასი დოლარით დაფინასდება.
გრანტის გაცემისას ორგანიზაცია, პროექტის საერთო ღირებულების 40%-ს დააფინანსებს, ხოლო დანარჩენი 60%- ის გადახდა განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს.