25, ოქტომბერი 2019 12:23:00
სკოლის მოსწავლეებს ინტერნეტის და სოციალური მედიის გამოყენებაზე ტრენინგებს ჩაუტარებენ. მოზარდებს მიაწოდებენ ინფორმაციას თუ როგორ ფინანსდება სოციალური მედია, ამ პროცესში რა როლი აქვს და როგორ შეაქვს თითოეულ მომხმარებელს საკუთარი წვლილი, თუნდაც ერთი მოწონებითა (Like) და აქტივობით.
„მედიის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმსჯელებენ და შეისწავლიან, თუ როგორ აგენერირებს შემოსავლებს ისეთი უფასო ვებ-საიტები, როგორიც არის: Facebook, Youtube, Wikipedia… როგორ იზრდება კომპანიების შემოსავალი მომხმარებლისთვის უფასო მომსახურებების გაწევის პროცესში, როგორ ხდება ვებ-გვერდებისთვის მომუშავე პერსონალის სამუშაოს ანაზღაურება, რა არის ციფრული იდენტობა და ა.შ.
აღნიშნული ტრენინგები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედია წიგნიერების პროექტების ფარგლებში განხორციელდება და მას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პირველ ეტაპზე თბილისის და რეგიონის 10 სკოლაში ჩაატარებენ.
პროექტი „მედიის ეკონომიკა“, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტადაა აღიარებული, მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარებას ემსახურება და ის ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების სწავლებაზეა ორიენტირებული.
„მედია ეკონომიკის“ კურსის სამიზნე აუდიტორიას 10-დან 15 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ, რომელთა სწავლებაც მულტიმედიური პლატფორმებისა და ინტერნეტის გამოყენებით, პრაქტიკული და ინტერაქტიული სამუშაოების გზით მოხდება.
წყარო : edu.aris.ge