27, ოქტომბერი 2019 12:00:00
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამის სპეციალობებზე არ სწავლობს იმდენი სტუდენტი,რაც განათლების სისტემას სჭირდება,ამიტომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს,რომ პედაგოგის პროფესია პოპულარული გახდეს. ამის შესახებ მინისტრმა ახალგაზრდა პედაგოგებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
სამინისტროში იმ პედაგოგებს უმასპინძლეს,რომლებმაც წელს პირველად დაიწყეს მასწავლებლის პროფესიით სკოლებში მუშაობა.
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, წელს მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება, ოქტომბრის მონაცემებით 1890 პედაგოგმა მოიპოვა. აქედან საჯარო სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე 1400 დასაქმდა, 490 კი განათლების სისტემაში იყო დასაქმებული (კერძო სკოლა, სხვა პოზიცია).
მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ იმ სკოლებში, სადაც პედაგოგების დეფიციტი შეიქმნა, მასწავლებლის სახლი სახვადასხვა პროექტს ახორციელებს, მათ შორის, ატარებს დისტანციურ გაკვეთილებს.
ზაფხულში, მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდაზე რეგისტრირებული 30 000-მდე აპლიკანტიდან, 10 000 მასწავლებლობის მსურველი ახალი აპლიკანტი იყო, აღსანიშნავია ისიც, რომ აპლიკანტების 30%-მა დადგენილი უმაღლესი – 10-კრედიტიანი ბარიერი დაძლია.
„ეს კი ნათლად აჩვენებს, რომ განათლების რეფორმის შედეგად, მასწავლებლობა პრესტიჟული და მიმზიდველი პროფესია ხდება. რაც შეეხება სკოლებში გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებს, 1470 საჯარო სკოლის მიერ 4500-მდე ვაკანსია გამოცხადდა. Teacherjobs.ge-ზე სულ 17400 აპლიკანტი დარეგისტრირდა“, – განაცხადა მინისტრმა.
წყარო : edu.aris.ge